logo
ENG



სახალხო დამცველი: სააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა

10 დეკ 202113:57
3 წუთის საკითხავი
 
სახალხო დამცველი: სააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა

სახალხო დამცველმა 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მიმოხილვისას ყურადღება გაამახვილა მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც.

მან ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ბრალდება/მსჯავრდებასთან დაკავშირებულ სასამართლო განხილვებზე და საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების შეზღუდვა ყოფილი პრეზიდენტის უფლების დარღვევად შეაფასა.

„სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად შეაფასა ფაქტი, როდესაც მას პირველ 3 სასამართლო პროცესზე ჩვენი აზრით, დაუსაბუთებელი და უკანონო არგუმენტით არ მიეცა სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობა“ - განაცხადა სახალხო დამცველმა.

გარდა ამისა, ნინო ლომჯარიამ სააკაშვილის გლდანის N18 დაწესებულებაში შესახლების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებით ყოფილი პრეზიდენტის უფლებათა დარღვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, ომბუდსმენის პოზიცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შეფასებას ემთხვევა.

"გარდა ამისა ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელება წარმოადგენდა პატიმრის პატივის, ღირსების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას. აღნიშნული მსგავსად შეაფასა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმაც" - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს სახალხო დამცველმა მიმდინარე წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა შეაჯამა.

მან სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა.


close დახურვა