logo
ENG



სახალხო დამცველი სასამართლო განხილვებში მიხეილ სააკაშვილის ჩართვას მოითხოვს

16 ნოე 202116:36
3 წუთის საკითხავი
 
სახალხო დამცველი სასამართლო განხილვებში მიხეილ სააკაშვილის ჩართვას მოითხოვს

სახალხო დამცველი მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის ჩართვას მისივე ბრალდების სასამართლო განხილვებში. როგორც ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, შეზღუდვა უხეშად არღვევს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

მიხეილ სააკაშვილს, დაპატიმრების შემდეგ, უკვე სამჯერ არ მიეცა სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობა. სამივე შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში მიყვანაზე უარი განაცხადა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. სასამართლოში ბრალდებულის მიყვანაზე უარის მიზეზად პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მკურნალობის არსებითი ნაწილის შეწყვეტა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება დაასახელა.

"პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ აბსტრაქტულად იმაზე მითითება, რომ შიმშილობის გამო პატიმრის გადაყვანა იქნება მისი ჯანმრთელობისთვის რისკის მატარებელი, ვერ ჩაითვლება დასაბუთებულ არგუმენტად. ეს პრაქტიკულად წაართმევს ყველა მოშიმშილე პატიმარს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს საკუთარი ბრალდების საქმეში და ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. უფრო მეტიც, კანონმდებლობა განიხილავს მსგავს შემთხვევაში მოქმედების პროტოკოლსაც და ჯანმრთელობის რისკების შემთხვევაში ბრალდებულის გადაყვანის პროცესში სამედიცინო მუშაკის თანხლებას მოითხოვს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის სასამართლოში გამოქვეყნებულ წერილებს არ ერთვის ექიმის დასაბუთებული დასკვნა/პოზიცია, ხოლო გენერალური დირექტორი არ წარმოადგენს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალს, რომელსაც დამოუკიდებლად მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება შეიძლება ჰქონდეს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არც ექიმს და არც ექიმთა კონსილიუმს მსგავსი დასკვნა არ გაუცია, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის მიერ ამ არგუმენტით ბადრაგირებაზე უარის თქმა ყოვლად დაუსაბუთებელია.

რაც შეეხება ე.წ. უსაფრთხოების მიზეზებით მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირებაზე უარის თქმას, საგულისხმოა, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავს შესაძლებლობას. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ბადრაგირება ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანისას სასამართლო პროცესებზე მონაწილეობის მისაღებად საერთო სასამართლოების შესაბამისი უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, რომელიც არ საჭიროებს დამატებითი გადაწყვეტილების მიღებას", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, კანონმდებლობა არ იცნობს პენიტენციური სამსახურის მხრიდან რომელიმე საქმის გამოძიების გამო ბრალდებულის სასამართლოში გადაყვანაზე უარის თქმის შესაძლებლობას. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებული გამოძიების ხანდაზმულობის მაქსიმალური ვადა 10 წელს შეადგენს, ამრიგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე საქმის გამოძიების პროცესზე მითითება პენიტენციური სამსახურის მხრიდან შესაძლებელია კანონშეუსაბამოდ, თვითნებურად და პერმანენტულად გაგრძელდეს, რაც ბრალდებულის დაცვის უფლების ფაქტობრივი ანულირება იქნებოდა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის არ არსებობს სათანადო არგუმენტი, რომლის საფუძველზეც მიხეილ სააკაშვილს უნდა ეზღუდებოდეს სასამართლოს წინაშე პირადად წარდგომის შესაძლებლობა.

"სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი პოზიცია ვერ გადაწონის საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელიც სხვა გარანტიებს შორის მოიცავს ბრალდებულის უფლებას პირადად და უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა საქმის ზეპირ, საჯარო განხილვაში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის, მტკიცებულებათა უშუალოდ გამოკვლევის პრინციპის უზრუნველყოფით", - ვკითხულობთ განცხადებაში.


close დახურვა