logo
ENG



სახალხო დამცველი შაქარაშვილის საქმის მასალების გაცნობას იწყებს

16 ივლ 202017:44
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმის მასალების შესწავლას იწყებს. მისი თქმით ის მასალებს სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში გაეცნობა და როგორც კი დაასრულებს გაცნობას, საზოგადოებას პირველად შეფასებებს გააცნობს.

„18 ტომია საქმეში და ძალიან გვინდა რომ ერთ კვირაში მაინც დასრულებული გვქონდეს საქმის მასალების შესწავლა. როგორც კი დავასრულებთ და ვეცდებით, რომ ეს იყოს ძალიან მალე, რა თქმა უნდა ჩვენ პირველად მოსაზრებებს და შეფასებებს გავაცნობთ საზოგადოებას“,-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ლომჯარია ინსპექტორის სამსახურში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანზე სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტსაც გამოეხმაურა. სახალხო დამცველის თქმით, მათ უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია ინსპექტორთანაც და ის უკვე ჩართულია შესწავლის პროცესში.

„გვაქვს კომუნიკაცია ინსპექტორთანაც, ვფლობთ გარკვეულ დეტალებს და ვართ ჩართული შესწავლის პროცესში, რამდენად მიმდინარეობს შესწავლა ინსპექტორის სამსახურის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ და როდესაც გვექნება შეფასების გაკეთების საშუალება ამას გავაკეთებთ“,-აცხადებს ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული ზ.ხ. მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს - ამის შესახებ მოკვლევა დაწყებული აქვს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს.

საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ფეხბურთელის გარდაცვალება გამოიწვია ასფიქსიამ წყალში დახრჩობით. გამოძიებას ამის შემდეგ კიდევ ერთი მუხლი დაემატა - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, თუმცა განზრახ მკვლელობის ბრალდება ჯერ არავისთვის წარუდგენიათ.

 

 


close დახურვა