საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა, რომელიც 2025 წლის განმავლობაში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას ასახავს. დოკუმენტში დეტალურად არის გაანალიზებული როგორც პოზიტიური ტენდენციები, ისე ის ფუნდამენტური გამოწვევები, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებელ რეაგირებას საჭიროებს.
ოკუპირებული ტერიტორიები და საოკუპაციო ხაზი
ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებთა უფლებებს. ომბუდსმენი ხაზს უსვამს უკანონო დაკავებებისა და პატიმრობის ფაქტებს, რასაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა დაუსჯელობის სინდრომი ახალისებს. დოკუმენტში განხილულია ე.წ. ბორდერიზაცია, საკუთრების უფლების ხელყოფა, მშობლიურ ენაზე განათლების შეზღუდვა და ეთნიკური ნიშნით დევნა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან ახალგაზრდების მიგრაციასა და დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემებზე.
შეკრების თავისუფლება და პოლიტიკური ნიშნით დევნა
სახალხო დამცველი ვრცლად მიმოიხილავს 2024-2025 წლების საპროტესტო აქციების დროს გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს და მათი გამოძიების არაეფექტიანობას. ანგარიშში საუბარია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და საჯარო მოხელეთა სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტებზე.
„სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მონახულებული 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიდან 30.2 % მიუთითებდა არასათანადო მოპყრობის შესახებ.
2023 წლის 7-9 მარტის აქციებზე - 20.8%
2024 წლის აპრილ-მაისის აქციებზე - 51.1%
2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მონახულებული პირებიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 60%. ამასთანავე, ზამთრის აქციების დაშლის პირველ დღეებში - 2024 წლის 29 ნოემბრიდან - 2 დეკემბრის პერიოდში, მონახულებული პირებიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე 79.5%, ხოლო 2025 წლის 2-3 თებერვლის შეხვედრებისას 25 პირიდან 22, ე.ი. 88% აცხადებდა, რომ არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა“, - ნათქვამია ანგარიშში.
პენიტენციური სისტემა და სამართალდამცავი უწყებები
ანგარიშში მწვავედ არის დასმული შემდეგი საკითხები:
-
საპატიმროების გადატვირთულობა;
-
პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმების ხარვეზები;
-
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არსებული ქრონიკული პრობლემები.
თანასწორობა, ფემიციდი და მოწყვლადი ჯგუფები
კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების (ფემიციდის) პრევენცია და მართლმსაჯულების ეფექტიანი აღსრულება. დოკუმენტი ასევე ეხება ეროვნული უმცირესობების წინაშე არსებულ ბარიერებს, რელიგიის თავისუფლებასა და მოწყვლადი ჯგუფების — ბავშვების, შშმ პირებისა და ხანდაზმულთა — მძიმე სოციალურ მდგომარეობას, რასაც სიღარიბე და დაცვის მექანიზმების არაეფექტურობა ამწვავებს.
სოციალური და ეკონომიკური უფლებები
ჯანმრთელობისა და შრომის უფლებების ჭრილში გამოკვეთილია:
- პაციენტთა უფლებების დაცვის სისტემური ხარვეზები;
- ღირსეული შრომის ანაზღაურების სამართლებრივი გარანტიების ნაკლებობა;
- სოციალური საცხოვრისების სტანდარტებთან შეუსაბამობა და წყალზე ხელმისაწვდომობის პრობლემები.
სახალხო დამცველის აპარატის განმარტებით, გამოკვეთილი პრობლემების გადასაჭრელად მომზადებულია კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაზეც პარლამენტმა შესაბამისი განკარგულება უნდა გამოსცეს.
ანგარიშს უახლოეს მომავალში ჯერ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც დოკუმენტი პლენარულ სხდომაზე გავა.
