სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს რუსეთის, ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის გაყოფის მცდელობის შედეგებს.
"არც დეფაქტო მთავრობას და არც რუსეთის ხელისუფლებას არ აქვს უფლება, მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება საქართველოს ნაწილის, "სამხრეთ ოსეთის" მომავალზე.
ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის, ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის გაყოფის მცდელობის შედეგებს. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - თქვა ნედ პრაისმა ბრიფინგზე ჟურნალისტ დავით ნიკურაძის კითხვის პასუხად.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებული იდეის შესახებ.
30 მარტს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება "რესპუბლიკის" სტრატეგიული მიზანია. აღნიშნულ საკითხზე ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ.
გარდა ამისა, ბიბილოვი ამბობს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემთხვევაში "სამხრეთ ოსეთი" ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონთან უნდა გაერთიანდეს.