logo
ENG



სახელმწიფო მინისტრის აპარატი: საოკუპაციო რეჟიმის გულგრილობამ მორიგი ადამიანი იმსხვერპლა

15 ნოე 202019:21
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/15/cs7szcb6xf9srm2.jpg

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის გულგრილმა დამოკიდებულებამ კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მათი ცნობით, 14 ნოემბერს, წითელი ჯვრის ჩართულობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, ე.წ. ერგნეთის გადასასვლელის გავლით, სამკურნალოდ გადმოიყვანეს ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები ონისე გათენაშვლი, რომელიც კლინიკაში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა.

მათივე განცხადებით, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ წითელი ჯვრისგან სამედიცინო ევაკუაციის მომზადების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ განახორციელა ევაკუაციისთვის საჭირო პროცედურები. მათივე თქმით, პაციენტი იმყოფებოდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და გარდაიცვალა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში.

"ოკუპირებული ახალგორი ერთ წელზე მეტია ჩაკეტილია. ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გაუქმებამ უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოკუპანტები მოქალაქეებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევენ, რაც მათ კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას უზღუდავთ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, აგრძელებს ძალისხმევის განხორციელებას იმისთვის, რომ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზს მიღმა შეუმსუბუქდეს არსებული მძიმე მდგომარეობა, მიეცეს თავისუფალი გადაადგილების უფლება და ხელი არ შეეშალოს კრიტიკულად საჭირო დახმარების მიღებაში", - ნათქვამია განცხადებაში.

აპარატი მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორებს, საოკუპაციო რეჟიმზე ზეწოლა გააძლიერონ.


close დახურვა