logo
ENG



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველას უსმენს - შაბათის ფორმულას საგამოძიებო ექსპერიმენტი

22 ოქტ 202220:14
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარა, რითაც დასტურდება რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჟურნალისტებს უსმენს. ღია სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით შაბათის ფორმულას წამყვანებმა დაურეკეს გადამღებ ჯგუფებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან და თბილისის მერის კახა კალაძის სახლთან იმყოფებოდნენ. სატელეფონო საუბრის დროს ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ხსენებულ ლოკაციებზე სასწრაფოდ უნდა მისულიყვნენ, რადგან ორივე შემთხვევაში აქტივისტების მიერ დააგეგმილი ფსევდო აქციები უნდა გამართულიყო - რეალურად არანაირი აქციები არ იგეგმებოდა და ინფორმაცია მხოლოდ ექპერიმენტის ნაწილი იყო. სატელეფონო საუბრის დროს ორივე ჟურნალისტს უთხრეს, რომ ახალგაზრდების ჯგუფი გეგმავდა წყნეთში, გურამიშვილის ქუჩაზე მისვლას და კალაძის სახლის გალავნის მოხატვას საპროტესტო შინაარსის წარწერებით - "კახი გადადექი", საპროტესტო შინაარსის სტენსილების დატოვებას ექტივისტები ივანიშვილის სახლის კედლებზეც აპირებდნენ.

ჟურნალისტებთან შაბათის ფორმულას წამყვანების კომუნიკაციიდან რამდენიმე წუთში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ მოქმედება დაიწყო. პოლიციის მაღალჩინოსნები პირველად ივანიშვილის სასახლესთან გამოჩნდნენ, მათ შორის ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა სალუქვაძე, რომლებსაც ოცეული მოჰყვა. პოლიციის მობილიზების შემდეგ, ჟურნალისტი დაინტერესდა თუ რა ხდებოდა პერიმეტრზე, რომ ივანიშვილის სახლთან მათი მისვლა გახდა საჭირო, რის პასუხადაც მიიღო, რომ შუშის სასახლესთან შესვენებაზე მივიდნენ. საუბარია პოლიციის 10-მდე ეკიპაჟზე. შაბათის ფორულას გადამღებმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ივანიშვილის სახლთან მობილიზებული პოლიციელებისთვის არ გაემხილა, რომ აქცია სინამდვილეში საერთოდ არ იმართებოდა. პოლიციელები ადგილზე დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში იყვნენ.

პარალელურად, შაბათის ფორმულას ექპერიმენტის მეორე ეპიზოდი, იგივე სცენარით ვითარდებოდა. ჟურნალისტისთვის ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, რამდენიმე წუთში კალაძის სახლთან საპატრულო პოლიციის სირენების ხმა გაისმა. ადგილზე ორი ეკიპაჟი მივიდა. დაინტერესების მერე, პოლიციელმა ადგილზე მისვლა მომხდარი ავარიით განმარტა, რომელიც გადამღებმა ჯგუფმა ვერსად ნახა. ადგილზე ასევე თეთრი დაბურულშუშებიანი შკოდას მარკის ავტომობილი იყო მოსული, რომლითაც წყნეთის პოლიციის უფროსი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი გადაადგილდებოდა.

ტოტალური მოსმენების მასშტაბები საყოველთაოდ ცნობილი ერთი წლის წინ გახდა, როდესაც სუს-დან სასულიერო პირების მოსმენებმა გამოჟონა, თუმცა სუს-ის კრებსებით ირკვეოდა, რომ ფარულ მიყურადებას ხელისუფლება რიგით მოქალაქეებზეც კი ახორციელებს და მათ შესახებ ინფორმაციას აგროვებს, არაერთი სკანდალური ფაქტის გახმაურების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ირწმუნება, რომ უკანონოდ არავინ ისმინება და ეს მხოლოდ კრიტიკული ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფია.

შაბათის ფორმულას ექსპერიმენტით დადასტურდა, რომ სუს-ის შენობაში ჩვენი ზარი ისმინება, მომენტალურად იშიფრება, ნომრები ე.წ ჩართული ტელეფონების სიას ემატება და ხელისუფლება კი ყველას ნაბიჯს აკონტროლებს.


close დახურვა