logo
ENG



სახელმწიფოს მიერ გაცემული საწვავის ვაუჩერი სოფელ კიცხში პროტესტის ნიშნად დაწვეს

30 ივნ 202020:59
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფოს მიერ გაცემული საწვავის ვაუჩერი სოფელ კიცხში პროტესტის ნიშნად დაწვეს. ხარაგაულის რაიონის მოსახლეობა ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ პრემიერისგან დაპირებული ერთი ლარის ნაცვლად, მათ მხოლოდ 60 თეთრის შეღავათს უკეთებენ. მოსახლეობის აზრით ხელისუფლება ამ ვაუჩერებით არა მოსახლეობას, არამედ სოკარს ეხმარება. ფერმერებს საწვავის აღება მხოლოდ სოკარის ბენზინგასამართ სადგურზე, დასახლებული პუნქტიდან 50 კილომეტრში შეუძლიათ. ამ მანძილის გავლის შემთხვევაში კი 60 თეთრიანი შეღავათიც აზრს კარგავს. დახმარებას აღება მხოლოდ 25 მეასედზე მეტი ფართობის მქონე ფერმერს შეეძლო. დიდფართობიანი ნაკვეთები თითქმის არავის აქვს, ამიტომ მოსახლეობის 80 პროცენტი მათთვის უსარგებლო ვაუჩერსაც ვერ იღებს. 

სოფელ კიცხში გამართულ აქციაზე ხარაგაულის მერის მიერ გაგზავნილი ის წერილიც გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც ფერმერებს ნათესების გათიბვას სთხოვენ. ადგილობრივები ყვებიან, რომ რამდენიმე ოჯახმა პრემიერ მინისტრის მოწოდების შემდეგ ეკალბარდებით სავსე ტერიტორია დაამუშავა და მოსავლის მოყვანა გადაწყვიტა. მუნიციპალიტეტი კი ფერმერებისთვის გაგზავნილი წერილით ამბობს, რომ ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებაა და მისი გამოყენება კანონმდებლობით ისჯება.

ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხარაგაულის გარდა, მსგავსი პრობლემები მოსახლეობას სხვა მუნიციპალიტეტებშიც შეექმნა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქართული ოცნება პანდემიას თავის სასარგებლოდ იყენებს 

რას უპასუხებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფერმერების პროტესტზე უცნობია. ფორმულა ნიუსის არა ერთი მცდელობის მიუხედავად არცერთი უწყება ფერმერებისთვის პრობლემურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს.


close დახურვა