logo
ENG



საჯარო რეესტრმა აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარი უთხრა

08 თებ 202116:40
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/08/tbtweejjiku910q.jpg

საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ასევე, რეგისტრაციაზე უარი ეთქვა გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაციასაც. შესაბამისად, რაგბის კავშირი კვლავ პრეზიდენტის გარეშე იმყოფება.

როგორც საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მიზეზი არის ის, რომ არც პრეზიდენტობის  და არც გამგეობის წევრობის კანდიდატებს არ მიუღიათ ხმების ის რაოდენობა, რაც წესდებითაა მოთხოვნილი.

"რაგბის კავშირის პრეზიდენტის, ასევე, გამგეობის წევრების არჩევის წესს განსაზღვრავს   კავშირის წესდება, რომლის თანახმად, პრეზიდენტი აირჩევა კრებაზე, რომლის კვორუმია წევრთა ხმების 2/3 მაინც; ირაკლი აბუსერიძის მიერ   წარდგენილი დოკუმენტებით კი დგინდება, რომ კრებაზე, სადაც იგი კავშირის პრეზიდენტად უნდა აერჩიათ,  საკმარისი კვორუმი არ იყო. აღნიშნულ ფაქტს პრეზიდენტობის კანდიდატი იმ მიზეზით ხსნიდა, რომ დეკემბერში გამართული კრება 2020 წლის თებერვალში   კვორუმის არარსებობის გამო  ჩაშლილი კრების განმეორებით კრებას წარმოადგენდა, თუმცა, კავშირის წესდება განმეორებით კრებას მხოლოდ მაშინ ცნობს,  თუ იგი  პირველი კრების გამართვიდან არაუგვიანეს 30 დღეში ჩატარდება; სინამდვილეში კი,  კრება, რომელზეც აბუსერიძის პრეზიდენტად არჩევა განიხილებოდა, არა 30 დღის განმავლობაში, არამედ 30 დეკემბერს – 10 თვის შემდეგ ჩატარდა", - ნათქვამია საჯარო რეესტრის განცხადებაში.

საჯარო რეესტრში აცხადებენ, რომ სწორედ ზემოთ აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, საქართველოს რაგბის კავშირის წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომლითაც ირაკლი აბუსერიძეს უარი ეთქვა რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე, ასევე, უარი ეთქვა გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაციაზე.

2020 წლის 30 დეკემბერს, რამდენჯერმე გადადებული არჩევნების შემდეგ, რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს, მაგრამ მას პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ბაჩო ხურციძემ უჩივლა, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრმა აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერა. საჯარო რეესტრმა მიიჩნია, რომ აბუსერიძის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის მოთხოვნებს. ხარვეზების აღმოსაფხვრელად კი რეესტრმა აბუსერიძეს 30 დღე მისცა. ბაჩო ხურციძე მიიჩნევს, რომ ყრილობა, რომელზეც აბუსერიძე აირჩიეს იყო კანონო და აუცილებელია, ხელახალი არჩევნების ჩატარება.

4 თებერვალს აბუსერიძის მხარდამჭერებმა აქცია გამართესაქციის მონაწილეები მოუწოდებდნენ საჯარო რეესტრს, რომ აღედგინათ აბუსერიძესთვის პრეზიდენტობა. აბუსერიძის მომხრეების თქმით, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებში ხელისუფლების წარმომადგენლები ერევიან. აბუსერიძის მომხრეები აცხადებდნენ, რომ თუ რეესტრი აბუსერიძეს პრეზიდენტობას არ აღუდგენდა, აქციების გამართვას გააგრძელებდნენ. 

 

 

 


close დახურვა