logo
ENG



სებ-ი ჰაკერების მიერ მოქალაქეების პირადი მონაცემების გამოქვეყნებაზე განცხადებას ავრცელებს

31 მარ 202017:04
3 წუთის საკითხავი
 
jwrtut3d2oa4yqy.png

ეროვნული ბანკი ერთ-ერთ ჰაკერულ ფორუმზე საქართველოს მოქალაქეების პირადობის დამადასტურებელი მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სებ-ში ამბობენ, რომ ინტერნეტით გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია არ შეიცავს მოქალაქეების პირად ფინანსურ მონაცემებს, როგორიცაა პიროვნების ანგარიშის ნომერი, ფინანსური ოპერაციების შესახებ ინფორმაცია, დისტანციური ფინანსური მომსახურების განსახორციელებლად საჭირო მონაცემები (მაგალითად ინტერნეტ და მობაილ ბანკის პაროლი და მომხმარებლის სახელი) და სხვა. შესაბამისად, ინტერნეტში განთავსებული მონაცემები არ არის საკმარისი ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად.

„სხვა პერსონალური (მათ შორის პირადი ფინანსური) მონაცემების გარეშე და დანერგილი პრევენციული კონტროლის მექანიზმების საშუალებით, თუ მომხმარებელი დაიცავს უსაფრთხოების მინიმალურ წესებს, არ არსებობს შესაძლებლობა, რომ მოქალაქეების პირადობის დამადასტურებელი მონაცემები ფინანსური თაღლითობის მიზნებისთვის იყოს გამოყენებული. დამატებით, თაღლითობის პრევენციის მიზნით, კომერციული ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები მუდმივმოქმედ რეჟიმში აკვირდებიან კლიენტების ფინანსურ ოპერაციებსა და მონაცემებს.  

საქართველოს ეროვნული ბანკი, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე, განსაკუთრებით, თუ ეს მომხმარებლის მიერ ფინანსური მონაცემების გამოყენებას და ინტერნეტში ოპერაციების განხორციელებას უკავშირდება. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

შეგახსენებთ28 მარტს ერთ-ერთ ჰაკერულ ფორუმზე ქართველი ამომრჩევლების სია გამოქვეყნდა, რომელთა შორის გარდაცვლილებიც არიან. სიაში 4.9 მილიონზე მეტი ადამიანია შეყვანილი. საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს.


close დახურვა