აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ევროკომისიის მიერ საქართველო-უკრაინა-მოლდოვასთან მიმართებით გაკეთებულ რეკომენდაციებს ეხმაურება. ის აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გააგრძელებს როგორც უკრაინისა და მოლდოვის, ასევე საქართველოს მხარდაჭერას.
საქართველოსთან მიმართებით სენატორი აღნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფება, თუმცა ამასთანავე, წერს, რომ ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა საკუთარი ხალხის სურვილები. ჯიმ რიშის თქმით, თუ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მთავრობამ აქტიურად უნდა შეასრულოს წარმოდგენილი პირობები.
"იმედისმომცემია, რომ ევროკავშირმა შეაფასა, რომ როგორც უკრაინამ, ისე მოლდოვამ მიაღწიეს საკმარის პროგრესს რეფორმებისა და ანტიკორუფციული სამუშაოებში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მე ვაფასებ იმ რთულ გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებს, რომლებიც მათ ევროკავშირის წევრობის გზაზე გადადგეს და მოხარული ვარ, რომ ევროპული არჩევანი გააკეთეს. მართალია, უკრაინასაც და მოლდოვასაც ნამდვილად კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ, სანამ ევროკავშირში სრულად გაწევრიანებისთვის მზად იქნებიან, მაგრამ მათ მიერ უფრო რთული ნაბიჯების გადადგმის პარალელურად, მხარდაჭერას გავაგრძელებ.
კომისიის რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როდესაც ის კონკრეტულ პირობებს დააკმაყოფილებს, ეს კარგი კომპრომისია. ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფებები. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის სურვილები არ დააკმაყოფილა. თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მთავრობამ აქტიურად უნდა შეასრულოს ევროკავშირის მიერ წარდგენილი პირობები, მათ შორის შემდეგ წელს გადამოწმებადად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს, პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოებას და დაიწყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გარკვეულ პოზიციებთან დაახლოება – კონკრეტულად რუსეთზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. როდესაც საქართველო ბრიუსელის მიერ დადგენილ პირობებს დააკმაყოფილებს, მე გამიხარდება მათი პოზიტიური ნაბიჯები ევროკავშირის წევრობის გზაზე", - აღნიშნულია სენატორის განცხადებაში.
***
8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
დეკემბერში, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.