სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკლ ტერნერი თბილისში ვიზიტის შემდეგ ვაშინგტონიდან ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.
განცხადებაში ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოსადმი და შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს მთავრობის ქმედებების მიმართ.
სენატორი ჯინ შაჰინი:
"ავტორიტარული ქვეყნების მხრიდან მზარდი აგრესიული ქმედებების ფონზე, როგორიცაა რუსეთი, რომელიც შეიჭრა საქართველოში 16 წლის წინ, მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა შეერთებული შტატების მუდმივი მხარდაჭერა ქართველი ხალხის უფლებისადმი, რომ ჰქონდეთ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს საკუთარი მომავალი.
ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრების დროს ჩვენ განვამტკიცეთ ჩვენი ერთგულება, ევროინტეგრაციისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებისადმი - მაგრამ ასევე განვაცხადეთ, რომ არ ვიქნებით უმოქმედოდ დემოკრატიული პროცესების უკუსვლისა და შეერთებული შტატების მიმართ, გამიზნული, ცრუ განცხადებების ფონზე. ჩვენ უნდა დავინახოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და კეთილსინდისიერი მცდელობები იმისთვის, რომ გაუქმდეს უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელიც უფრო მეტ ზიანს აყენებს ერს, ვიდრე სარგებელი მოაქვს ევროკავშირის წევრობის გზაზე წინსვლისთვის. ვითარების გამოსწორების გზაზე, პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და ჩვენ ველოდებით მათ შემოთავაზებებს".
კონგრესმენი მაიკლ ტერნერი:
"აშშ-საქართველოს ურთიერთობა ისტორიულად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო რეგიონში, თუმცა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში. მე და სენატორმა შაჰინმა ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს შეშფოთება ორპარტიული და ორპალატიანია. გარდა ამისა, აშშ-ს პოლიტიკა არ შეიცვლება აშშ-ს ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად.
აუცილებელია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის. მადლობელი ვარ სენატორი შაჰინის ურყევი და ღრმა ერთგულებისთვის აშშ-საქართველოს ურთიერთობებისადმი, ისევე როგორც მისგან მიღებული მოწვევისთვის, რომ ასეთ კრიტიკულ დროს, მონაწილეობა მიმეღო ამ ვიზიტში".