logo
ENG



სერგეენკო: მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები შეასრულოს

02 მარ 202014:24
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას პრემიერის მრჩეველი დავით სერგეენკო ეხმაურება და აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვირუსს მომზადებული დახვდა. სერგეენკოს თქმით, მისი მინისტრობის პირობებში ყველაზე დიდ ტვირთად ინფექციური საავადმყოფოს შენობის უცვლელად დატოვება აქვს. 

„მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები შეასრულოს. საკუთრივ ამ ინფექციის საშიშროება ძალიან საყურადღებო არის, თუმცა არა ისეთი პანიკის საფუძველი, როგორიც სამწუხაროდ, გვაქვს ხოლმე ამ დღეებში. ყველაფერი იქნება კონტროლის ქვეშ. საქართველო საერთაშორისო ჯანდაცვის წესებშია ჩასმული. ერთ-ერთი წესი ითვალისწინებს ასეთ პანდემიასთან სამოქმედო გეგმა და ასეთი გეგმა გვოქნდა. სისტემა ვირუსს მომზადებული დახვდა.

"ამ ადამიანებისთვის საკარანტინო სივრცეები შეძლებისდაგვარად შერჩეულია მაქსიმალურად კომფორტულად. შეიძლება, გარკვეული შემთხვევები იყო და ამაზე ძალიან ვწუხვარ. თუმცა, ეს სისტემური პრობლემა არ ყოფილა. მე ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და ჩემი ბრალიცაა დიდწილად, რომ მინისტრად მუშაობის პერიოდში ეს პრობლემა ვერ მოვაგვარე. შეიძლება, ყველაზე დიდი ტვირთი განვლილი მინისტრობიდან ეს იყოს. რამდენიმე მცდელობა გვქონდა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ ვერ მოვახერხე ამის გაკეთება“, - განაცხადა სერგეენკომ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამჟამად ლაბორატორიულად კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაში 24 ადამიანია მოთავსებული. გარდა ამისა, „რესპუბლიკურ“ საავადმყოფოში იმყოფება 16 პაციენტი. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის განცხადებით, კიდევ ორის მიყვანას ელოდებიან.

მსოფლიოში კი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 90 ათასს აღწევს. ვირუსს მთლიანობაში 3,053 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 45 ათასზე მეტი. 

close დახურვა