logo
ENG



სერგეენკო პანსიონზე: არასწორია ვინმეზე ბრალის წაყენება, გამოსავალია სპეციალისტების შესვლა

04 ივნ 202111:20
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატის, დავით სერგეენკოს, განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონატში მიმდინარე მოვლენებზე ამ ეტაპზე ვინმესთვის ბრალის წაყენება არასწორი იქნება.

სერგეენკოს თქმით,  მნიშვნელოვანია სააღმზრდელო დაწესებულებაში სპეციალისტები შევიდნენ და შეისწავლონ არსებული მდგომარეობა. 

„სახალხო დამცველს აქვს ამის [შესვლის] უფლება, მაგრამ ამასაც თავისი პროტოკოლი აქვს. უნდა შევიდეს სპეციალისტებთან ერთად. ერთჯერადი შესვლა შეიძლება კონტრპროდუქტიული იყოს. ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ მზაობა, რომ თუნდაც ჯანდაცვის კომიტეტის წევრები შევიდნენ სპეციალისტებთან ერთად, თუმცა ამას ჯერ-ჯერობით შედეგი არ მოჰყოლია. იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში ან უახლოეს საათებში გადაწყდება.

არასწორი იქნება ვინმეზე ბრალის წაყენება. ერთადერთი სწორი და შედეგიანი გამოსავალია ამ საქმისთვის პროფესიონალების, ვისაც ევალება და იცის, როგორ გააკეთოს - მათი შესვლა და შესწავლა", - აცხადებს სერგეენკო.

 

3 ივნისს ფორმულამ გავრცელა ინტერვიუ პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან, რომელიც იქ გატარებულ წლებს იხსენებს და ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ აღმზრდელები მათთან "ჯოჯოხეთს ატრიალებდნენ". 

"იყო ძალიან მძიმე ფაქტები ჩემთან და სხვებთან მიმართებით, იყო ბულინგი, ცემა რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. [გვცემდნენ] აღმზრდელები, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ სინამდვილეში კი იქ ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული.

ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით შუადღეზე რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და გვაძინებდნენ, თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით, კუთხეში", -  ყვება ის. 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) გეგმავს, რომ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართონ და მოითხოვენ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის გამოყვანა.

 

სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გაუპატიურების მუხლითაც.

გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).

ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო.

პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოფიციალური ინფორმაციით, 53 ბავშვი ირიცხება, თუმცა როგორც მეუფე სპირიდონისგან ირკვევა, 150-მდე ბენეფიციარი ჰყავთ.


close დახურვა