logo
ENG



სერგეენკო პარლამენტში მოსმენებზე: ასეთი ხანგრძლივი, მრავალფეროვანი კითხვები არ მომისმენია

24 დეკ 202012:43
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ვიცესპიკერი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, რომ მე-10 მოწვევის, ერთპარტიულ პარლამენტში მთავრობის დამტკიცების საკომიტეტო სხდომაზე ყველაზე მრავალფეროვანი და ხანგრძლივი კითხვები მოისმინა თანაგუნდელებისგან, მათივე პარტიის მიერ წარდგენილი მინისტრობის კანდიდატების მიმართ. 

"თქვენ თუ ადევნებდით თვალ-ყურს გუშინწინდელ საკომიტეტო შეხვედრებს, იქ, მართლა გეუბნებით, მე-9 დამტკიცებას ვესწრებოდი უკვე და ასეთი ხანგრძლივი და მრავალფეროვანი კითხვები მე არ მომისმენია", - უთხრა სერგეენკომ ჟურნალისტებს. 

მთავრობის დამტკიცების საპარლამენტო მოსმენებს ოპოზიციური პარტიები ბოიკოტისა და საპარლამენტო მანდატების გაუქმების გამო არ ესწრებიან. მინისტრობის კანდიდატებს, რომელთაგან ახალი მხოლოდ იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძეა, მხოლოდ თანაგუნდელების შეკითხვებზე უწევთ პასუხების გაცემა. 

"არ არის კარგი და შესანიშნავი ოპოზიციის გარეშე მუშაობა", - ამბობს სერგეენკო, - " მაგრამ ჩვენ ვერ გავჩერდებით მანამდე მთავრობის და ბიუჯეტის დამტკიცების გარეშე". 

დღეს ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში მინისტრობისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატებს საპროტესტო აქციის ფონზე უსმენენ. პარლამენტთან შეკრებილი აქტივისტები ერთპარტიულ მმართველობას და არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. 


close დახურვა