მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო ამბობს, რომ სხდომის გახსნისას ოპოზიციის თავისუფალი სავარძლების დანახვა, მისთვის "ცალსახად დისკომფორტია". ამაზე მან პარლამენტში სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"საპარლამენტო რესპუბლიკისთვის, ოპოზიციის მუშაობა არის აუცილებელი და არ არის ნორმალური, როცა არ მონაწილეობს საპარლამენტო მუშაობაში. მითუმეტეს ამ ვითარებაში როცა ჩვენს ქვეყანას ბევრი გამოწვევა აქვს. იმედი მაქვს, მოლაპარაკებები და შეთავაზებები იქნება სწორად გაანალიზებული და ოპოზიციის ნაწილი მიიღებს პარლამენტის მუშაობაში მოანწილეობას", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დღეს, 11 დეკემბერს 12:00 საათზე გაიხსნება. სხდომას პრეზიდენტი ზურაბიშვილი გახსნის, დარბაზში კი მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ისხდებიან.