logo
ENG



სერგი კაპანაძე: სანამ ივანიშვილი ოპონენტებს იჭერს, დიალოგი არ გაგრძელდება

23 თებ 202017:37
3 წუთის საკითხავი
 

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას აღარ აპირებს.

როგორც ისინი ამბობენ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ხელისუფლებას ორ პირობას შეასრულებს. ერთ-ერთი პირობა დაპატიმრებული პოლიტიკური ოპონენტები ციხიდან გათავისუფლებაა, ხოლო მეორე - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

„მოლაპარაკებები განახლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათავისუფლდება ყველა პატიმარი, დაწყებული 20 ივნისს დაპატიმრებულებისა და დაგვირგვინებული პოლიტიკური ლიდერებით, როგორიც არის ოქრუაშვილი, უგულავა, რომელიც გვერდიდან აგვაცალეს მოლაპარაკებიდან. ასევე, თუ იქნება მზადყოფნა, რომ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. ამის შემდეგ უკვე უნდა მოხდეს კონსულტაციები საარჩევნო სისტემის დახვეწაზე“, - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე მოლაპარაკებების ჩაშლაზე პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და ამბობს, რომ ოპონენტების დაპატიმრების რეჟიმში, დიალოგი ვერ გაგრძელდება.

„ხატოვანი გამოთქმების ნაცვლად, ბატონ თალაკვაძე ურჩევნია, თავის ბატონს აუხსნას, რომ სანამ ესეთი რეჟიმია, რომელშიც ივანიშვილი იჭერს ოპონენტებს და თან არაფერს არ სთავაზობს საზოგადოებას, მასთან არანაირი დიალოგი არ გაგრძელდება. ივანიშვილმა ააყირავა ეს მაგიდა, ამას ამბობს ყველა პარტნიორი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რაც შეეხება „ლელოს“ პოზიციას, პარტიის წევრმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მაჟორიტარებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ აპირებენ, თუმცა ოპოზიციურ პარტიებთან მუდმივ კოორდინაციაში იქნებიან.

 „ჩვენ ამ კონკრეტულ მოლაპარაკებებში მაჟორიტარებთან დაკავშირებით არ ვმონაწილეობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვართ განზე გამდგარი. ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ კოორდინაციაში ოპოზიციურ პარტიებთან და ამ კოორდინაციის მიზანი იქნება რამდენიმე. პირველი ის, რომ ჩვენ მოვახერხოთ ხმების დაცვა, რაც აუცილებლად იქნება პრობლემა და მეორე - მოვახერხოთ, რომ ის ხელისუფლება, რომელიც არ სარგებლობს ხალხის მხარდაჭერით, გავისტუმროთ ოპოზიციაში და ვნახოთ, როგორი ოპოზიციური ძალა იქნება, რამდენად შეძლებ კონსტრუქციულად ოპოზიციიდან მაინც, ამ ქვეყნის შენებაში მონაწილეობას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდი ოპოზიციას კვლავ მოლაპარაკებების რეჟიმში დაბრუნებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ შეთავაზება არჩევნების 100/50-ზე პრინციპით ჩატარებასთან დაკავშირებით ისევ ძალაშია. რაც შეეხება პოლიტიკოსების, მათ შორის გიგი უგულავას დაკავების გამო ოპოზიციის კრიტიკას, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დაკავებები და ბრალდებები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაა და თავად ამ პროცესებში არ ერევიან.


close დახურვა