logo
ENG



სერგი კაპანაძე: ყველა ჩვენი პარტნიორი უკიდურესად არის შეშფოთებული

14 დეკ 201914:46
3 წუთის საკითხავი
 
a5zo0m1ghksoxik.jpg

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებას ევროკავშირის საგარეო სამსახურიც გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დროს არ იყო დაცული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და იმ კანდიდატთა ნაწილი, რომლებიც პარლამენტმა დაამტკიცა, არ სარგებლობს საზოგადოების ნდობით.

საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გამოთქმულ ამ მწვავე კრიტიკას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები პოლიტიკოსების მხრიდან.

„იგივე შინაარსის განცხადება, რომ არჩეული არიან არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი მოსამართლეები, გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და გუშინ უკვე გააკეთა ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტმა. ყველა ის ჩვენი პარტნიორი, რომელიც მუშაობდა ჩვენთან ერთად სასამართლო სისტემის ვითომ რეფორმაზე, არის უკიდურესად შეშფოთებული. ეს არის ძალიან კარგი საჩვენებელი „ქართული ოცნებისთვის“, რომ მათ არა მარტო ქვეყნის შიგნით მიაყენეს ზიანი მოსამართლეების არჩევით, არამედ დააზიანეს ქვეყნის საგარეო ურთიერთობები“, - აცხადებს ევროპული საქართველოს წარმომადგენელი სერგი კაპანაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზი არა მხოლოდ საკუთარ ხალხთან, არამედ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთანაც გადაკვეთა.

„ევროკავშირმა გააკრიტიკა, ასევე ძალიან მკაცრი კრიტიკა მოვისმინეთ აშშ-ის საელჩოდან, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ისინი წუხილს გამოხატავენ შეირჩნენ არაკვალიფიციური მოსამართლეები, ქვეყნის ყველაზე მაღალ ინსტანციაში - სასამართლოში. ეს არის ის წითელი ხაზი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ საკუთარ ხალხთან, არამედ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან გადაკვეთა და დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდაც ასეთივე მკვახე განცხადებების მოსმენა მოუწევთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან“, - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებას ევროკავშირის საგარეო სამსახურიც გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დროს არ იყო დაცული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და იმ კანდიდატთა ნაწილი, რომლებიც პარლამენტმა დაამტკიცა, არ სარგებლობს საზოგადოების ნდობით.


close დახურვა