logo
ENG



სერგო გალუსტიანი არ უარყოფს, რომ 4 მილიონი პირბადის შეკვეთა ივანიშვილის ფონდისგან მიიღო​

06 მაი 202020:42
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის საწინააღმდეგო აღჭურვილობისთვის მმართველი პარტიის მსხვილ შემომწირველებს 5 მილიონ ლარამდე გადაუხადეს. პირბადეების შესყიდვაზე დაკვეთის მიმღები კომპანიების კავშირებზე მმართველ გუნდთან, მოკვლევა სამოქალაქო სექტორში ჩაატარეს.

„ფლანგვის დეტექტორი“ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ორგანიზაციის ინფორმაციით, სახელმწიფო სამ შრიანი პირბადეების შესყიდვას იმ კომპანიებისგან ახორციელებს, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ არიან დაკავშირებულნი. ერთ-ერთი ასეთი კომპანია, შპს „ად მედიაა“, რომელმაც ჯამში სახელმწიფოსგან 37,200 ლარის ღირებულების 40,000 პირბადის შეკვეთა მიიღო.

კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, ბიზნესმენი სერგო გალუსტიანია, რომელიც 15 აპრილს დარეგისტრირებული კომპანია „რესპირატორის“ 100% -იანი წლის მფლობელიცაა. რესპირატორი კი ფონდ „ქართუს“ დაკვეთით, 4 მილიონ პირბადეს კერავს.

სერგო გალუსტიანი, ფიქსირდება მმართველი პარტიის მსხვილ შემომწირველთა სიაში, მან 2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჯამში 100 000 ლარი გადარიცხა.

ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს, სერგო გალუსტიანი - მისი თქმით, პირბადეები კერძო კომპანიისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა შემოტანის დროს, მას სახელმწიფომ დახმარება სთხოვა და პირბადეების ნაწილი სახელმწიფოს დაუთმო. გალუსტიანი არ უარყოფს, რომ 4 მილიონი პირბადის შეკვეთა ბიძინა ივანიშვილის ფონდისგან მიიღო, თუმცა ამას მის პოლიტიკურ შეხედულებებს არ უკავშირებს.

კიდევ ერთ კითხვას აჩენს ორგანიზაცია DFI-ის კვლევა, რომლის თანახმადაც ჯანდაცვის სამინისტრომ სამ შრიანი პირბადის მწარმოებელ კომპანიასთან 8 აპრილს ხელშეკრულება შეწყვიტა და ანალოგიური ხელშეკრულება შპს „სავაჭრო ჯგუფთან“ გააფორმა, რომელიც სამშრიან პირბადეს სახელმწიფოს 13 თეთრით ძვირად აწვდის. თუ კი სახელმწიფო, პირვანდელი ხელშეკრულებით პირბადეს 1.14 ლარად ყიდულობდა, ახლა მისი შეძენა 1.27-1.50 ლარად უწევს. 

შპს „სავაჭრო ჯგუფი“ ბახტრიონის 29 ნომერში, საცხოვრებელ სახლშია რეგისტრირებული - თუმცა იქ დღეს არავინ დაგვხვედრია. კომპანიის მითითებულ ნომერზე კი აღნიშნავენ, რომ მათ შესყიდვებთან არაფერი აკავშირებთ.

სავარაუდო კორუფციაზე საუბრობენ ოპოზიციაშიც. პარტია „ევროპული საქართველო" ამ დრომდე გამოძიების დაწყებას ითხოვს, მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ასევე სახელისუფლებო ვერტიკალის, სავარაუდო კორუფციას ეხება. „ნაციონალური მოძრაობა“ კი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებებს, მოროდიორობად აფასებს.

საკითხზე კომენტარს კვლავ არ აკეთებენ ჯანდაცვის სამინისტროში - მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ მათი თანაგუნდელები კორუფციულ გარიგებებს არ დებენ.

პანდემიის პირობებში ხელისუფლებამ ათეულობით მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვას უკვე განახორციელა. ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, მხოლოდ 18 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით,ჯანდაცვის სამინისტრომ 10,520,000 ლარის, სხვადასხვა სახის პროდუქცია იყიდა.


close დახურვა