logo
ENG



სერგო რატიანი: უმრავლესობა, ცესკოს კანდიდატების შერჩევას, პოლიტიკური ნიშნით ახორციელებს

05 დეკ 201917:50
3 წუთის საკითხავი
 
e3frbttzo7nu6un.jpg

ცესკოს კომისიის ოთხი ახალი წევრის დამტკიცება, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მოხდება.

წარმოდგენილი კანდიდატებიდან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, 8-დან 5 კანდიდატს გაეწია რეკომენდაცია. განხილვაში, მხოლოდ „ქართული ოცნება“ მონაწილეობდა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ცესკო კანდიდატების შერჩევას პოლიტიკური ნიშნით ახორციელებს.

„უმრავლესობა ცესკოს კანდიდატების შერჩევას ახორციელებს პოლიტიკური ნიშნით. ცესკო „ქართულ ოცნებას“ ჰყავს დაქვემდებარებული. ჩვენ ვნახეთ წინა არჩევნები რამხელა დარღვევებით მოხდა, რაზეც ცესკოს არ ჰქონია რეაგირება, ან პირიქით, ხელს უწყობდა დარღვევებს“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი კანდიდატი ბოჟაძე, „ქართული ოცნების“ მხარეს წარმოადგენს და რასაკვირველია, ხელისუფლებას მისი არჩევა აწყობს.

„ბატონი ბოჟაძე წარმოადგენს „ქართული ოცნების“ მხარეს და ყოველთვის მათ გამამართლებელ განცხადებას აკეთებს. რასაკვირველია მისი არჩევა აწყობს ხელისუფლებას, ისევე როგორც ცესკოს ყველა წევრის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს. ჩვენი მოთხოვნა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს ცესკოს რეადმინისტრირება“, - აცხადებს დეკანოიძე.

ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს უმრავლესობის წევრი სოფიო კილაძე და აცხადებს, რომ ოპოზიცია ვერ დაასახელებს გამოუცდელ კანდიდატს.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ეყრდნობოდა გამოცდილებას და პროფესიონალიზმს. თქვენ თუ დამისახელებთ რომელიმე პირს, რომელიც არ არის გამოცდილი და პროფესიონალი, ვისაუბროთ, მაგრამ ვფიქრობთ, ვერც თქვენ და ვერც ოპოზიცია ვერ დაასახელებს. ისინი ხომ ყველაფერში ბრალს გვდებენ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ“, - აცხადებს კილაძე.

კანდიდატები პოლიტიკური შეფასებისგან თავს იკავებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მათი შერჩევა გამოცდილების მიხედვით მოხდა.

„ის გამოცდილება პროფესიული და შრომითი, რაც გამაჩნია, ვფიქრობ, რომ აკმაყოფილებს ცესკოს კანდიდატობის პირობებს. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე ვარ სახელმწიფო მოსამსახურე, ამიტომ პოლიტიკურ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვფიქრობ, რომ დაცულია პროცედურები და საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნები“, - აცხადებს ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი ჭიქაბერიძე.

მეორე კანდიდატი გიორგი ჯავახიშვილი თვლის, რომ კონკურსის არცერთ ეტაპზე კანონი არ დარღვეულა და გამოხმაურებები, მხოლოდ არჩევნების მოახლოებას უკავშირდება.

„ეს პროცესი აქტუალური არის არჩევნების პირობებში, ახლაც ამითაა ალბათ განპირობებული. პოლიტიკოსების შესაფასებელია ეს ყველაფერი. კონკურსის არცერთ ეტაპზე კანონი არ დარღვეულა და დღესაც განხილვა იყო. დეპუტატებს კითხვები ჰქონდათ“, - აცხადებს კანდიდატი.

 

 


close დახურვა