სტრატეგია აღმაშენებლის ერთი-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის თქმით, მათ უკვე დაიწყეს მუშაობა ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნაზე.
ჩიხლაძე ამბობს, რომ სტრატეგია აღმაშენებელს კონსულტაციები ექნება მსგავსი შეხედულებების მქონე პოლიტიკურ ძალებთან, ასევე, "პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიურ პიროვნებებთან".
"დაწყებული გვაქვს მუშაობა. მსგავსი შეხედულებების პოლიტიკურ ძალებთან გვექნება კონსულტაციები. მაგრამ ორგანიზებული პოლიტიკური ძალების გარდა მოლაპარაკებები გვაქვს პოლიტიკურად, საზოგადოებრივად აქტიურ პიროვნებებთან, რომლებიც შესაძლოა შემოუერთდნენ სტრატეგია აღმაშენებელს, გაიზიარონ ეს იდეები. უახლოეს მომავალში ამაზე მოგახსენებთ მეტ დეტალს. დაახლოებით ვიცით, ვისთან უნდა ვითანამშრომლოთ". - თქვა სერგო ჩიხლაძემ.
შეთავაზება უკვე მიიღეს ლელოს და ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა.
ევსაქების წევრის, ლაშა დამენიას თქმით, ორპოლუსიანობია აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ამასთან, მისივე თქმით, გაერთიანების "კონტურები ჩანს, თუმცა, გაერთიანებაზე თამამად საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია".
ლელოს წევრმა, საბა ბუაძემ კი თქვა, რომ ახლა მთავარია ოპოზიციის ერთიანობა და ბოიკოტი.
"ჩვენი ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ხელახალ არჩევნებზე. ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ გვექნება საშუალება, სამომავლო სტრატეგიაზე საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი პოზიცია". - თქვა ბუაძემ.