სეტყვა იყო სიღნაღის მუნიციპალიტეტში. სოფელ ძველ ანაგაში და ჯუგაანში სტიქია დაახლოებით 25-30 წუთი გრძელდებოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ძირითადად საკარმიდამო ნაკვეთების, საზამთროს, ნესვის, ვენახის და ყანების ნაწილი დაზიანდა.
მოსახლეობა ამბობს, რომ ზარალი დაახლოებით 70-90 პროცენტია , რადგან სეტყვას წვიმა და ქარი ახლდა.
„დაახლოებით 30-40 წუთი მიმდინარეობდა სეტყვა. ზარალი იქნება 70% მაინც - ნესვი, პური, ხორბალი, ძალიან ბევრი რამ. ხალხს კი აქვს დაზღვეული, მაგრამ რამდენად დააფინანსებენ არ ვიცი. გვპირდებიან, მაგრამ არ მგონია, რამე დააფინანსონ“, - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი გოგილაშვილმა განაცხადა, ზარალის ზუსტი ოდენობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ, მერიის შესაბამისი სამსახურებმა დილიდან სტიქიისგან დაზარალებულ სოფლებში ვითარების შესწავლა დაიწყეს.