ევროპარლამენტის დეპუტატმა სვენ მიქსერმა, ბრიუსელში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
მიქსერი პარტიების მხრიდან კონსტრუქციული მუშაობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ მიმდინარე ესკალაცია პოლიტიკურ პროცესს და დემოკრატიულ რეოფრმებს ეჭვქვეშ აყენებს.
„განვიხილეთ არსებული სიტუაცია, მოსალოდნელი კომპრომისი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპრომისი მოიძებნოს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, როგორც მმართველმა გუნდმა, ისე ოპოზიციამ, იმუშაონ კონსტრუქციულად და მოაგვარონ ეს საკითხი, რომ არჩევნების შემდეგ პარლამენტი უფრო წარმომადგენლობითი იყოს და საქართველოს მთავრობამ დააკმაყოფილოს ხალხის მოლოდინი. ასევე მნიშვნელოვანია, პარტიები იყვნენ კონსტრუქციულები, რადგან მიმდინარე ესკალაცია პოლიტიკურ პროცესს და დემოკრატიულ რეფორმებს ეჭვქვეშ აყენებს“, - განაცხადა სვენ მიქსერმა.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ევროპარლამენტიდან არაერთი კრიტიკული განცხადების ფონზე, მომავალ კვირას პლენარულ სხდომაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, რასაც რეზოლუციაზე კენჭისყრაც მოჰყვება.