logo
ENG



სი ძინპინი: გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას

28 ივლ 202310:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/28/heh3kpv7m4x2scr.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების გადაწყვეტილება მიიღეს.

"ბატონო პრეზიდენტო, თქვენდამი და თქვენი მთავრობისადმი მადლობელი ვარ ასევე ჩემი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. ჩინეთი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 1992 წელს, როდესაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. შემდეგ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის.

ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოც მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს. მრავალჯერ გვაქვს ხაზგასმით დაფიქსირებული ეს პოზიცია და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ"- თქვა ღარიბაშვილმა.

სი ძინპინის თქმით, საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას.

"ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება. ორი ქვეყნის პოლიტიკური ნდობა მყარია, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები კი - შესამჩნევი. საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია. არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება. ჩინეთში თქვენი ამ ვიზიტის დროს გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება. გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს"- თქვა სი ძინპინმა.


close დახურვა