თბილისის მერი, კახა კალაძე კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ფეისბუკ კამპანიას აანონსებს. ის სამ არხს: „ფორმულას“, „TV პირველსა“ და „მთავარს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აპირებს ყოველ საღამოს კრიტიკულ სიუჟეტებს ლაივ ჩართვები მიუძღვნას. თუმცა ვერ პასუხობს კითხვას - როდის შეიყვანა „ფორმულამ“ მაყურებელი შეცდომაში.
დამოუკიდებელ მედიაზე შეტევად აფასებენ კახა კალაძის ინიციატივას მედიაექსპერტები. არც იმას გამორიცხავენ, რომ მმართველი გუნდი უფრო შორსაც წავა და წინასაარჩევნოდ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას მოისურვებს. მთავარი კითხვაა, ვინ დააფინანსებს კრიტიკულ მედიაზე შეტევას, პოლიტიკური პარტია თუ სახელმწიფო ბიუჯეტი. ექსპერტები ხარჯების გასაჯაროვებასაც მოითხოვენ.
დეზინფორმაციის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის, პარადოქსია, რომ ე.წ. ფეიკ ნიუსების წინააღმდეგ ბრძოლას სწორედ იმ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იწყებს, რომელიც „ფეისბუქმა“ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის საჯაროდ, რამდენჯერმე ამხილა და მასშტაბური ქსელიც დაუბლოკა. მითების დეტექტორში მაგალითად სტრატკომი მოჰყავთ. ორგანიზაცია, რომელიც წესით რუსულ პროპაგანდას უნდა ებრძოდეს, თუმცა კრიტიკული მედიის გაშავებითაა დაკავებული.
2018 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაწყებულ საარჩევნო კამპანიასთან ავლებენ პარალელს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. ფოტო, რომელიც კრიტიკული მედიის წინააღმდეგ შეტევას აანონსებს, ძალიან ჰგავს იმ საარჩევნო ბანერებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მასშტაბიც ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით გამოფინა.
სიცრუის ნაღვენთი - ასე ხსნის თბილისის მერი სისხლიან ფოტოს. მან პოსტი დაარეკლამა კიდეც, იმისთვის, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს. პოსტის ქვეშ ძირითადად პარტაქტივი წერს კომენტარებს. კახა კალაძეს გადაწყვეტილებას უწონებენ „ქართულ ოცნებაშიც“.
ის მერი, რომლის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი ცნობილი „ტროლი“ სულიკო კედელაშვილია, კრიტიკულ მედიას პირველად დღეს 22:00 საათზე ფეისბუქით შეუტევს.