logo
ENG



სინდისის პატიმების ოჯახის წევრები: აუცილებლად იმ ფორმით ჩავატარებთ მარშს, როგორც ვატარებდით

26 დეკ 202520:28
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/26/14lozweccx2vmn8.jpg

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას მოუწოდებენ, ხვალ, 27 დეკემბერს დაგეგმილ მარშს შეუერთდნენ. ამის შესახებ ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ თქვა და აღნიშნა, რომ ხვალინდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა დაინახოს ქართულმა ოცნებნამ, რომ ხალხი მათ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას არ ეგუება.

"ხვალინდელი დღე მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, პირველი მარშია, როცა უნდა დავუმტკიცოთ საზოგადოებას, ამავდროულად რეჟიმსაც, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებასაც არ ვეგუებით, ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას და ჩვენ აუცილებლად, სწორედ იმ ფორმით ჩავატარებთ მარშს, როგორც ვატარებდით წინა შაბათ დღეებში. ჩვენ ხვალ აუცილებლად დავიკავებთ ხალხის რაოდენობის შესაბამისად ქუჩის გარკვეულ ნაწილს და წამოვალთ მარშით პარლამანტისკენ. მოგიწოდებთ ყველას, ხვალ იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ საკანონმდებლო ცვლილებას საკადრისი პასუხი გავცეთ, ამავდროულად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ ამის ორგანიზატორები არიან სტუდენტები, პატიმრების ოჯახის წევრების მშობლებს მოგიწოდებთ, მობრძანდეთ თქვენი პატიმარი ოჯახის წევრების ბანერებით, როგორც გაზაფხულის აქციებზე, ისე ჩავუდგეთ წინ მარშს და ასე საერთო სახალხო მარშს წინ წარვუძღვეთ. მოგიწოდებთ ყველას, მაქსიმალურად ბევრი ვიყოთ, რომ კიდევ ერთხელ გავცეთ საკადრისი პასუხი ყველა იმ საკანონმდებლო მახრჩობელ კანონს, რასაც რეჟიმი იღებს"- თქვა ცეცხლაძემ. 

27 დეკემბერს 19:00 საათზე ფილარმონიიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით მარში გაიმართება. 

ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21 დეკემბრიდან 9 იანვრამდე აქციის დროს მსვლელობის გამართვა შეზღუდა.

"გასამართი შეკრების მონაწილეებმა შეკრებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს. ამასთან, შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე №8-ში მდებარე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა