შეიარაღებული ძალების მეთაური ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ უკრაინა კურსკის ოლქში დაახლოებით 1 000 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს. მისივე თქმით, კურსკის ოლქში ოპერაცია გრძელდება. შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვიდეო ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გააკეთა.
"შეტევითი ოპერაცია კურსკის ოლქის ტერიტორიაზე. ამჟამად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დაახლოებით 1 000 კვადრატული კილომეტრი ჩვენს კონტროლს ექვემდებარება", - თქვა სირსკიმ.
ამავე ვიდეოში, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე სირსკისგან ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფრონტზე ქვეყნის თავდაცვით ქმედებებსა და კურსკის ოლქში ოპერაციას ეხებოდა.
"მადლობა ყველა ჯარისკაცს და მეთაურს სიმტკიცისთვის და ქმედითი ნაბიჯებისთვის", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
დღესვე, კურსკის გუბერნატორის მოვალეობების შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა, მთავრობის საგანგებო სხდომაზე თქვა, რომ ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.
***
პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.
კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".
6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.
უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".
12 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში დაახლოებით 20-ზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს.