მოძრაობა სირცხვილია ითხოვს, 6 დეკემბერი გლოვის დღეს გამოცხადდეს.
"როდესაც ამ ქვეყნის შვილები მტერთან ბრძოლაში გმირულად იღუპებიან, გლოვის დღის გამოცხადება ინსტინქტი უნდა იყოს.
დაწეული დროშებით, სიმბოლურად მაინც ხომ უნდა ვაჩვენოთ, რომ ისევ ერი გვქვია, რომ ისევ გვაქვს მცირე სინდისი მაინც, რომ ცხოვრებას დანაკარგის იგნორირებით კი არა - მისი შემჩნევით, დაფასებითა და მომავლის იმედად ვაგრძელებთ.
როგორია ცხოვრება მშვიდობის ქალაქად შეფუთულ კოლაბორაციონიზმისა და სირცხვილის ქალაქში?
დიდება გმირებს!" - ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, 3 დეკემბერს უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას 5 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ახლა ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად მიიჩნევა.
ამ დრომდე მებრძოლების დაღუპვას ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ გამოეხმაურა. განცხადება მხოლოდ სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა და დაღუპულების ახლობლებს მიუსამძიმრა.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველაზე ცხელი წერტილი ამ დროისთვის ბახმუტი რჩება. მისი თქმით, ყველა მებრძოლი ვინც ამ ტერიტორიაზე იმყოფება "უმაღლეს მადლიერებას იმსახურებს".