გაერთიანებული ოპოზიციის წევრების პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც უერთდებიან. აქტივისტების თქმით, ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო მწვავე სახეს მიიღებს. მოძრაობებში "სირცხვილია" და „შეცვალე" არ გამორიცხავენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა სხვა ოპოზიციური ლიდერებიც დააკავოს. მათი განმარტებით მსგავსი სახის გადაწყვეტილებები პროტესტის მუხტს ვერ შეანელებს.
როგორც „სირცხვილიას" აქტივისტი თამარ კაკაბაძე აცხადებს, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები ივანიშვილის მმართველობის დასასრულებლად ვა-ბანკზე წავლენ.
„ცხადი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილს არც ჩვენი დასავლელი მეგობრებისა და არც ამერიკის პოზიცია აინტერესებს. ივანიშვილი წავიდა ვა-ბანკზე და როგორც ალბათ, პოლიტიკური პარტიების, ასევე სამოქალაქო აქტივისტების პასუხი იქნება ასევე ვა-ბანკზე წასვლა. ბრძოლა იქნება უკომპრომისო. რამდენი ადამიანიც უნდა დაიჭირონ, ისინი ამ ბრძოლას წააგებენ. უგულავას თუ დააკავებენ, დააკავებენ ნიკა მელიას, დააკავებენ გვარამიას, დააკავებენ მამუკა ხაზარაძეს, რჩებიან სხვა პოლიტიკოსები, ვრჩებით სამოქალაქო აქტივისტები. ბრძოლა იქნება კიდევ უფრო რადიკალური“, - აცხადებს კაკაბაძე.
„შეცვალეს“ აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი კი აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივისტები ბრძოლას კონსტიტუციასა და კანონში გათვალისწინებული ყველა ხერხით აპირებენ.
„ეს იყო ივანიშვილის ბოლო კუდის მოქნევა. ჩვენი მთავარი გეგმაა, გავაგრძელოთ ბრძოლა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ხვალინდელი დღისთვის. ჩვენ არ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ ყველანაირი ხერხით, რომელიც კანონსა და კონსტიტუციაში წერია. ვიბრძოლებთ მანამდე, სანამ ივანიშვილი არ დაასრულებს საქართველოში რუსულ ოლიგარქიას“, - აცხადებს ბიძინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლებით აღკვეთა შეუფარდა.
პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს.