გავრცელებული ინფორმაციით დაპირისპირება, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლა მოჰყვა, ბიზნეს-წილების გაყოფას უკავშირდება. ბაგებში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმიდან მეორე დღეს ბიზნესმენი მერაბ ხიდაშელი დააკავეს. ის ვაკე-საბურთალოს პირველ განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. გამომძიებლებს აინტერესებდათ რა მოხდა ბაგებში და რატომ გაიხსნა ცეცხლი. ხიდაშელს ჯგუფურ ძალადობას ედავებიან. მისი ადვოკატი კი ბრალდებას უარყოფს. ამ მუხლით დაკავებული ის ერთადერთი პირია, არადა თვითმხილველები ამბობენ, რომ სროლის დროს ადგილზე რამდენიმე მანქანა და ათეულობით ადამიანი იყო. არსებობს მოლოდინი, რომ საქმეში სხვა ბრალეული პირებიც გამოიკვეთება. ადვოკატი ბაგებში მომხდარი ამბის საკუთარ ვერსიას ყვება.
მერაბ ხიდაშელის ინტერესების დამცველის თქმით, გიორგი წიკლაური, რომელიც ბაგებში ცეცხლის გახსნის შემდეგ ერთ-ერთი დაჭრილია, მერაბ ხიდაშელს დაუკავშირდა და შეხვედრა თხოვა. შეხვედრაზე სხვა პირს ხიდაშელი არ ელოდა. მას შემდეგ რაც წიკლაური შეხვედრის ადგილას მივიდა, მერაბ ხიდაშელმა სროლის ხმა გაიგონა. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბიზნესმენმა ივარაუდა რომ ცეცხლი მისი მისამართით გახსნეს და შემთხვევის ადგილი დატოვა. ადვოკატის თქმით, ხიდაშელს შემთხვევის შედეგად დაჭრილი კიდევ ერთი პირი ირაკლი პაპავა არ უნახავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაგებში მომხდარი დაპირისპირების მიზეზი „არტ ჰაუს“ თბილისის წილებია, რომლის მეპატრონეც მერაბ ხიდაშელია. დაკავებამდე ბიზნესმენს მეგობრები პოლიციის განყოფილებაში ელოდებოდნენ. ისინი ამბობენ, რომ ქონებას ,მართლაც ხიდაშელი ფლობს, თუმცა არ იციან ჰქონდა თუ არა მას დავა წილების თემაზე რომელიმე პირთან. საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების მუხლებით დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე 11 საათიდან განახლდა, გამომძიებლებმა თვითმხილველები გამოკითხეს.
თვითმხილველები ამბობენ რომ ორმხრივი სროლის ხმა გაიგონეს, ამის შემდეგ კი დაინახეს რომ დაპირისპირებაში 10-მდე პირი მონაწილეობდა. მათი ნაწილი ხალხის ყურადღების მიპყრობის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ორი პირი - გიორგი წიკლაური და ირაკლი პაპავა- დაიჭრა, მათ ოპერაცია ჩაუტარდათ. ბიზნესმენ მერაბ ხიდაშელს ბრალი ოფიციალურად ხვალ წარედგინება. შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. გაიზრდება თუ არა ბრალდებულთა წრე უცნობია.