logo
ENG



სისხლიანი გარჩევის შედეგად ცაგერში 2 პოლიციელი გარდაიცვალა

27 ნოე 201919:24
3 წუთის საკითხავი
 
1az322fsi9x5o75.jpg

ათი გასროლა და ორი მოკლული პოლიციელი. სისხლიანი გარჩევა სამართალდამცველებს შორის ცაგერის რაიონის სოფელ ლაჯანაში გვიან ღამით მოხდა. პოლიციელებმა ერთმანეთს ესროლეს, დაპირისპირებას ჰყავს ერთი დაჭრილიც. 65 წლის მამაკაცი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ტრაგედია ნასვამ პოლიციელებს შორის მომხდარმა კონფლიქტმა გამოიწვია. ერთ-ერთი მოკლული საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კარლო კოპალიანის სიძეა. 

მკვლელობის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტებმა მუშაობა დღეს დილით დაასრულეს. ცაგერში სოფელ ლაჯანას ცენტრში პოლიციელებმა ერთმანეთს სავარაუდოდ ტაბელური იარაღიდან ესროლეს. ერთ-ერთი ვერსიით რომეო მანდარიასა  და გოჩა ონიანს შორის დაპირისპირება ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. პოლიციელებმა დაახლოებით ათჯერ გაისროლეს, ერთ-ერთს სხეულზე 5 ზე მეტი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს. 

ორივე პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა. სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო სოფლის ცენტრში, მკვლელობის ადგილზე მყოფმა 65 წლის მამაკაცმა. მურთაზ სილაგაძეს ტყვია ფეხში მოხვდა. 

პოლიციელებს შორის დაპირისპირების მიზეზი უცნობია ოჯახისთვის და მათი ახლობლებისთვის. სოფელში ამბობენ, რომ ისინი წლებია ოჯახებით მეგობრობენ და წარსულში რაიმე კონფლიქტი მათ შორის არ ახსენდებათ.

მომხდარს დასავლეთ საქართველოს პროკურატურა სწავლობს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გამოძიება დამატებით განმარტებას ამ დრომდე არ აკეთებს.


close დახურვა