რამდენიმე საათში პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს კიდევ ერთხელ განიხილავენ. პროექტზე აგრარულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ. კომიტეტმა ბიუჯეტი გასულ კვირას ერთხელ უკვე ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა, ის მაინც კამათის ფონზე მიმდინარეობდა. კომიტეტის თავმჯდომარემ პროექტი დაიწუნა და განაცხადა, რომ ბიუჯეტი სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობდა. დღევანდელ სხდომაზე მომხსენებელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე იქნება. ბიუჯეტს აკრიტიკებენ "ევროპულ საქართველოში" და აცხადებენ, რომ ისინი დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ბიუჯეტის ამ პროექტით სიღარიბის ზრდა, ლარის გაუფასურება და ფასების მატება, გარდაუვალი იქნება.
"2020 წლის ბიუჯეტი არის ზუსტი ასლი იმ ბიუჯეტებისა, რასაც წინა 7 წლის განმავლობაში "ქართული ოცნება" წინა წლებში იღებდა და რამაც განაპირობა სიღარიბის გაღრმავება და ამან რა თქმა უნდა ყველაზე მეტად დაარტყა სოფელს იმიტომ, რომ სიღარიბე ყველაზე მეტია სოფლად, სამუშაო ადგილები ყველაზე ნაკლებია სოფლად... როდესაც კიდევ უფრო გართულდება ცხოვრება, იქნება ლარის გაუფასურების მომდევნო ტალღები და სამწუხაროდ "ქართული ოცნების" პირობებში ეს იქნება და ამას მოჰყვება ფასების ზრდა, კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული რომ პრობლემის ძირი არის ასე დაგეგმილ ბიუჯეტში,"-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.