logo
ENG



სიჭინავა: ოცნება ვერანაირი სარჩელით ვერ შეძლებს მისთვის სასურველი ოპოზიცია დაილაგოს

15 სექ 202614:05
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/15/39j08hgoa7yip3h.png

პარტია "გახარია საქართველოსთვის" "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის გუნდი ყოფილი პრემიერის პარტიის აკრძალვასაც ითხოვს.

"გახარია საქართველოსთვის" წევრის ბერდია სიჭინავას თქმით, "ქართული ოცნება" ვერანაირი სარჩელით ვერ შეძლებს მისთვის სასურველი ხელოვნური პოლიტიკური ოპოზიცია დაილაგოს.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ "ოცნების" მიერ დაანონსებულ საკონსტიტუციო სარჩელს ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვასთან დაკავშირებით, რაც "ოცნების" ავტოკრატიული მმართველობის პირობებში ჩვენი გუნდისთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. ეს პროცესი ღიად და დაუფარავად გამოხატავს იმ აგრესიულ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ პოლიტიკას, რასაც "ოცნება", ბოლო წლებია, საკუთარი ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ატარებს და განსხვავებული აზრის განადგურებას ისახავს მიზნად.

ვერანაირი სარჩელი, მით უფრო იმ ადამიანების, ვინც ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებს ყოველდღიურად ღალატობენ თავიანთი სიტყვებითა და გადაწყვეტილებებით, ვერ შეცვლის ჩვენს დამოუკიდებელ პოლიტიკურ გზას და ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის.

მეტი მოტივაციითა და ენერგიით გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარებას ქვეყნისა შიდა და საგარეო პოლიტიკაში, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში – საქართველოს პარლამენტში, საკრებულოებში, ყველა პლატფორმაზე ჩვენი მანდატისა და შესაძლებლობების ფარგლებში.

განსაკუთრებით ცინიკურია, რომ ჩვენს აკრძალვას ის ადამიანები "ითხოვენ", რომლებიც წინა ხელისუფლების რეჟიმის აქტიური მსახურები იყვნენ და დღესაც პარლამენტში ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებში იღებენ მონაწილეობას და ყოველდღიურად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს.

"ოცნება" ვერანაირი სარჩელით ვერ შეძლებს, ჩვენი პატრიოტი, ერთგული და უანგარო მხარდამჭერების ხმა გააქროს პოლიტიკიდან და მისთვის სასურველი ხელოვნური პოლიტიკური ოპოზიცია დაილაგოს.

"ოცნებას" ელოდება ძალიან მძიმე ისტორიულ-პოლიტიკური შეფასება, განსაკუთრებით იმ მოვლენების ფონზე, როდესაც სამაჩაბლოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან, "ოცნების" ხელისუფლების დანაშაულებრივი დუმილისა და უმოქმედობის ფონზე, ჩვენი ისტორიული მიწების ანექსიური პროცესები მიდის. "ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვება არის პოლიტიკური ლოგიკის გარდაუვალი შედეგი და ამას გააკეთებს თავად ქართველი ხალხი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით", – თქვა სიჭინავამ. 

ცნობისთვის, ივანიშვილის ხელისუფლება ასაკრძალი პარტიების სიას აფართოვებს. ამ სიაში "ქართულმა ოცნებამ" ახლა გახარიას პარტიაც შეიყვანა და ახალი სარჩელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. 

გახარიას პარტია ერთადერთი იყო ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის რომელიც პარლამენტში შევიდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოცნების დეპუტატები მათ საპარლამენტო ცხოვრებაში არასათანადო ჩართულობას და დესტრუქციულ ქმედებებს ედავებიან.

პარტიების აკრძალვაზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე იანვარში უნდა მიეღო, მას შემდეგ რაც ოცნებამ სარჩელი ფედერალისტების დამატებით განაახლა, თუმცა გახარიას პარტიის დამატებით ამ დროის ათვლა ხელახლა დაიწყება და კიდევ 9 თვე განისაზღვრება. 


close დახურვა