სკანდინავიური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამოძიების მოწოდებას უერთდებიან და აცხადებენ, რომ აუცილებელია ეჭვების გაფანტვა, რომელიც საარჩევნო პროცესის მთლიანობას შეექმნა.
განცხადებაში მინისტრები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში შეშფოთებით აკვირდებიან საქართველოს პოლიტიკურ ტრაექტორიას და გამოთქვამენ იმედს, რომ ქვეყანა დაუბრუნდება იმ გზას, რომელიც მას ევროპულ ოჯახში შეიყვანს.
"ჩვენ, სკანდინავიური ქვეყნები, ვუერთდებით საერთაშორისო მოწოდებებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და მის დროს გავრცელებული დარღვევების საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიების შესახებ. აუცილებელია, ეჭვების გაფანტვა, რომელიც საარჩევნო პროცესის მთლიანობას შეექმნა.
სკანდინავიური ქვეყნები მტკიცედ უჭერდნენ მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს, რომელიც დაფუძნებულია საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებზე.
ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ მზარდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს საქართველოს პოლიტიკურ ტრაექტორიას.
საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა და მიღებული კანონები სულ უფრო მეტად შორდება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების შესაბამის გზას.
კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული არჩევნების დაცვა უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე პროგრესისთვის.
როგორც სკანდინავიური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება გზას, რომელიც მიიყვანს მას ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში.
გავაგრძელებთ საქართველოში მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას და საქართველოს მთავრობას მისი ქმედებების შესაბამისად შევაფასებთ" - ნათქვამია განცხადებაში"- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას უერთდებიან:
- ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ესპან ბარტ ეიდე
- შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მარია მალმერ სტენეგარდი
- დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ლარს ლოკე რასმუსენი
- ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ელინა ვალტონენი
- ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი - თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი