logo
ENG



სკოლებსა და ბაღებში სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო იქნება - კანონპროექტი

16 თებ 202215:00
3 წუთის საკითხავი
 
სკოლებსა და ბაღებში სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო იქნება - კანონპროექტი

პარლამენტში განიხილავენ კანონპროექტს, რომლის თანახმად, სავალდებულო იქნება სკოლებისა და ბაღების შენობებზე სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება.

ასევე, კანონპროექტის საფუძველზე სავალდებულო გახდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება სკოლებსა და ბაღებში. პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მისი მიღება ხელს შეუწყობს სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაციას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში.

კანონპროექტი დღეს, 16 თებერვლის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. მისი ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი კახა კახიშვილი. 

"კანონის შესაბამისად, სახელმწიფო დაწესებულებებს ევალებათ დროშის აუცილებელი აღმართვა, მაგრამ ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ პოპულარიზაციის მიზნით, იმ მიზნით, რომ პატრიოტიზმი იყოს ჩვენს ქვეყანაში საბავშვო ასაკიდან უნდა დავიწყოთ სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაცია.

ამ კანონპროექტით აუცილებელი უნდა გახდეს სახელმწიფო დროშის მუდმივი აღმართვა. შემდეგ უკვე მეთოდურად ბავშვების მიყვანა დროშასთან, ამის გაცნობა და სახელმწიფო ჰიმნის განთავსება თვალსაჩინო ადგილებში და ბავშვობიდან სწავლა ჩვენი ჰიმნის, იმისთვის, რომ უფრო მეტად გახდეს შემდგომში პატრიოტული გრძნობები.

საზღვარგარეთ რომ დავდივართ, ზოგიერთ ქვეყანაში კერძო სახლებზეც კია გამოფენილი დროშები, მაგრამ ამავდროულად, გვშურს თეთრი შურით", - განაცხადა პროექტის ავტორმა, კახა კახიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ სამომავლოდ, იგივე წესი, შეიძლება, გავრცელდეს უნივერსიტეტებზეც.

გირჩის დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა სხდომაზე თქვა, რომ კანონპროექტის შემდეგ საბჭოთა კავშირი მოაგონდა და თანამედროვეობასთან არაფერ შუაშია:

"სამშობლოს სიყვარული არ იწყება სავალდებულო კანონებით, დროშებით და ჰიმნებით. საბჭოთა კავშირში ხო ყველას გვისწავლია? მე, მაგალითად, მოვესწარი და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ვისწავლე და ამიტომ ხომ არ შეგვიყვარდა საბჭოთა კავშირი? ამის გამო საბჭოთა კავშირის დროშა სახლში ხომ არ გვაქვს? ეს არაფერ შუაშია. ვიღაცას სამშობლო თუ არ უყვარს, გინდა ასწავლე ჰიმნი, გინდა არა".


close დახურვა