logo
ENG



სკოლის დირექტორებს სუსი არჩევს, მთავარი კრიტერიუმი - ოცნებისადმი მორჩილებაა - ახალი ფაილები

07 ნოე 202120:42
3 წუთის საკითხავი
clock 1204

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ახალმა მასალებმა გამოჟონა, რომელიც ფორმულას ჩაუვარდა ხელში. საიდუმლო დოკუმენტებით ირკვევა, რომ სკოლის დირექტორებს სუსი და ქართული ოცნება არჩევს, ერთი მთავარი კრიტერიუმით - პარტიული სიმპათიები და მორჩილება.

მასალების მიხედვით დგინდება, რომ საუკეთესო კვალიფიკაციის მქონე დირექტორებსაც კი უწყება ბლოკავს თუ ისინი ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები არიან ან სულაც პოლიტიკურად ნეიტრალურები და ქართულ ოცნებას საარჩევნოდ არ ეხმარებიან. და პირიქით - დაბალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს სუსი ლობირებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი პარტიულ დავალებებს სანიმუშოდ ასრულებენ.  

​სუს-დან, წყაროს მიერ მოწოდებული ამ საიდუმლო მასალების ნამდვილობის გადამოწმება ყველაზე მარტივი ხერხით ვცადეთ. ფორმულამ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი და ათობით სკოლა მოიარა.

იმერეთში, სოფელ ოფურჩხეთის სკოლის დირექტორი, რომელიც სუს-მა დაიწუნა, თანამდებობაზე აღარ არის. ის პოსტიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს. მასწავლებლებმა კამერასთან საჯაროდ ლაპარაკი არ ისურვეს, თუმცა როგორც გაირკვა, აქ ყველასთვის ცხადია, რომ ყოფილი დირექტორი მისსავე პოლიტიკურ განწყობებს შეეწირა. კამერებს მიღმა გვიყვებიან იმასაც, რომ განათლების სამინისტროს წინააღმდეგობა გაუწიეს და მისი დაბრუნება მოსთხოვეს, თუმცა უშედეგოდ.

ოფურჩხეთის სკოლის ყოფილმა დირექტორმა, რომელიც განათლების რესურს ცენტრის შეფასებით, ერთ-ერთი საუკეთესო იყო რაიონში, დაგვიდასტურა, რომ მისი სტატუსი და ჯანმრთელობაც მის პოლიტიკურ შეხედულებებს შეეწირა.

ფაილებში ასევე ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლაც მოხვდა. სუს-ის დოკუმენტების მიხედვით, მასაც კვალიფიციური დირექტორი უნდა ჰყავდეს, თუმცა პოლიტიკური შეხედულებების გამო სუს-მა ის დაიწუნა. 

სუს-ის უარყოფითი რეკომენდაცია, როგორც ჩანს, განათლების სამინისტრომ ამჯერადაც სისრულეში მოიყვანა. თენგიზ თაბუკაშვილი რამდენიმე თვეა, ქუთაისის 36-ე სკოლაში უკვე რიგითი პედაგოგია.

ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა კიდევ ათობით სკოლა და სუს-ის მიერ დაწუნებული დირექტორები მოიკითხა. აღმოჩნდა, რომ ძალოვანი უწყების სურვილები განათლების სამინისტრომ იმერეთის, გურიის, სამეგრელოს და თბილისის არაერთ სკოლაში აღასრულა და კვალიფიკაციის მიუხედავად, პოლიტიკურად მიუღებელი კადრები, თანამდებობიდან გაუშვა. გადავამოწმეთ ისინიც, ვინც სუს-ის ფავორიტების სიაში არიან.

მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მსხალდიდის სკოლა. სუს-ის დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ სკოლას სუსტი დირექტორი ჰყავს, უფრო მეტიც, სასწავლო დაწესებულება სრულ სტაგნაციაშია. თუმცა წერია ისიც, რომ "აქტიურად არის ჩართული ქართული ოცნების სასარგებლო აქტივობებში, ოჯახის წევრებთან ერთად. მიზანშეწონილია მისი დატოვება დირექტორის თანამდებობაზე".

დირექტორების გარდა, ამ ფაილების მიხედვით, სუსი აფასებს, იწონებს ან იწუნებს განათლების რესურს ცენტრების ხელმძღვანელებსაც. დაწუნებულების ნაწილი ჯერაც თანამდებობებზე არის. ზღვარი ამჯერადაც ქართულ ოცნების პარტიული დავალებების შესრულების ხარისხზე გადის და არ კვალიფიკაციაზე.

კონფიდენციალური წყაროს მიერ, სუს-დან მოწოდებული ეს საიდუმლო მასალები ძალოვანი უწყების ბოლო ორი-სამი წლის ნამუშევარია.

 


close დახურვა