logo
ENG



სომალიში ისლამური დაჯგუფების, ალ-შაბაბის თავდასხმას სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა

30 ოქტ 202215:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/30/7488a5s9653i3ky.jpg
Reuters

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში განათლების სამინისტროს შენობასთან 2 მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა, 300 კი დაშავდა.

სომალის პრეზიდენტის ჰასან შეიხ მოჰამუდის ცნობით, თავდასხმა ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა ისლამურმა ჯგუფმა, ალ-შაბაბმა განახორციელა. პრეზიდენტის თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. 

სამინისტრო მდებარეობს ქუჩაზე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს გარე ვაჭრობა, რის გამოც ეს ხალხმრავალი ადგილია.

„ჩვენი ხალხი ამოხოცეს... მათ შორის დედები მკლავებში შვილებით, მამები ვისაც სამედიცინო დაავადებები ჰქონდათ, სტუდენტები, ვინც სასწავლად გაუშვეს, ბიზნესმენები ვინც ოჯახების სიცოცხლისთვის იბრძოდნენ“ - განაცხადა სომალის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა საერთაშორისო პარტნიორებს სომალიში სამედიცინო დახმარების და ექიმების გაგზავნა სთხოვა.

„ვთხოვთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მუსლიმებს მთელი მსოფლიოს გარშემო რომ გამოგვიგზავნონ თავისი სამედიცინო ექიმები, ვინაიდან ჩვენ ყველა დაშავებულის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნას ვერ შევძლებთ“ - განაცხადა მოჰამუდმა.

აფრიკული ერთობის კომისიის ხელმძღვანელმა, მოუსა ფაკი მაჰამატმა თავდასხმა დაგმო და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა „გააორმაგონ ძალისხმევა, რათა უზრუნველყონ მტკიცე საერთაშორისო მხარდაჭერა სომალის ინსტიტუციებისადმი ტერორისტული ჯგუფების დამარცხებისკენ მიმართულ ბრძოლაში“.

პირველი აფეთქება ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მოხდა, მეორე კი მაშინ, როცა შემთხვევის ადგილას სასწრაფო დახმარების მანქანები და მოქალაქეები დაშავებულების დასახმარებლად იყვნენ მობილიზებულები.

ალ-შაბაბი ისლამისტ მეამბოხეთა დაჯგუფებაა, რომელიც აშშ-მ, ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს.

ჯგუფმა მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო. მათი თქმით სამიზნე განათლების სამინისტრო იყო, რომელიც მათი თქმით "მტერთა ბაზაა", რომელიც არამუსლიმური ქვეყნებიდან იღებს დახმარებას და მათი მიზანი დაჯგუფების აზრით „სომალელი ბავშვების ისლამური სარწმუნოებიდან ჩამოშორებაა“.

მოგადიშოში განათლების სამინისტროზე თავდასხმა იმ დღეს მოხდა როცა პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეხვედრას მართავდნენ, სადაც ძალადობრივი ექსტრემიზმთან და კონკრეტულად ალ-საბაბთან ბრძოლის გეგმებს განიხილავდნენ.

ალ-შაბაბის სამხედროები სომალის დედაქალაქსა და სხვა ადგილებს ხშირად ესხმიან თავს. დაჯგუფება ცდილობს გადააყენოს მთავრობა, რათა ქვეყანა ისლამისტური კანონების ექსტრემისტულ ინტერპრეტაციაზე დაფუძნებული წესებით მართოს.

ალ-შაბაბს სხვა შემთხვევებში არ დაუდასტურებია, რომ თავდასხმები მათი მოწყობილი იყო. მათ შორის არც 2017 წელს, როცა მოგადიშოში დაბომბვებს 600-მდე მოქალაქე ემსხვერპლა.

ალ-შაბაბი აცხადებს, რომ იქამდე აპირებს ბრძოლას ვიდრე ქვეყანა ისლამის კანონებით არ იხელმძღვანელებს. თავდასხმამდე დაჯგუფებამ მოსახლეობას მოუწოდა, სახელმწიფო შენობების სიახლოვეს არ მისულიყვნენ.

სომალის პრეზიდენტმა, ჰასან შეიხ მოჰამუდმა, რომელიც წელს აირჩიეს განაცხადა, რომ ქვეყანა აგრძელებს ალ-შაბაბთან ომს და მასში აუცილებლად გაიმარჯვებს.

 

close დახურვა