აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ვითარება მკვეთრად დაიძაბა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში დაპირისპირების დროს დაღუპულებზე საუბრობენ და ბაქო საზღვრის გარღვევის მცდელობაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, აზერბაიჯანი სომხეთს მათ პოზიციებზე თავდასხმაში ადანაშაულებს. ერევანმა კი სუვერენიტეტის დაცვისთვის დახმარებით რუსეთს მიმართ.
8-15 ნოემბერს საზღვარზე შეიარაღებული თავდასხმის რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა, თუმცა 16 ნოემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომეხმა სამხედროებმა ქალბაჯარისა და ლაჩინის რეგიონებში სიმაღლეების დაკავებისთვის ოპერაცია დაიწყეს.
ბაქოს საპასუხოდ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ მათი ქმედებები მხოლოდ საპასუხო იყო. მათი ვერსიით, აზერბაიჯანმა აღმოსავლეთ საზღვარზე მათი პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.
შუადღისთვის აზერბაიჯანში განაცხადეს, რომ მოწინააღმდეგის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები გაანადგურეს. მოგვიანებით, ერევანში თქვეს, რომ საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბული რჩება და ორი საბრძოლო პოზიცია დაკარგეს.
შეტაკებების ფონზე სომხეთმა რუსეთს მიმართა, რათა აზერბაიჯანის თავდასხმებისთვის მისი ტერიტორიები დაეცვა. ამის შესახებ ტელეეთერით სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა.
"რადგანაც თავდასხმა განხორციელებულია სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე, 1997 წლის შეთანხმების თანახმად მივმართავთ რუსეთის ფედერაციას მოწოდებით, დაიცვას სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა", - განაცხადა მან. ამჟამად ორივე ქვეყნის საელჩოები კონსულტაციებს მართავენ.
ერევნის მოსაზრებითვე, აზერბაიჯანი არღვევს გასული წლის 9 ნოემბრის სამმხრივ შეთანხმებას, რომლითაც ყარაბაღის ომი დასრულდა.
საზღვარზე დაძაბულობას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის მხრიდან "კიდევ ერთი სამხედრო-პოლიტიკური პროვოკაცია" უწოდეს.