logo
ENG



სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოშია - ნიკოლ პაშინიანის მთავარი გზავნილები

03 მარ 202020:50
3 წუთის საკითხავი
 

სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა რეგიონის სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტია, - ასეთია ნიკოლ პაშინიანის მთავარი გზავნილი, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტისას საქართველოში.

მაღალი თანამდებობის პირებს შორის შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა რეგიონის უსაფრთხოება, საქართველო-სომხეთის საგარეო პოლიტიკა და არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარება იყო. 

სომხეთისა და საქართველოს პრემიერებს ჟურნალისტების კითხვებზე არ უპასუხიათ. გიორგი გახარიამ ერთობლივ ბრიფინგზე ხაზი გაუსვა იმას, რომ მიუხედავად განსხვავებული საგარეო ხედვისა, შეუძლებელია მეზობელ ქვეყნებს შორის გაურკვევლობა იყოს. მხარეები კორონავირუსის გამოწვევების წინააღმდეგ კოორდინირებულ ქმედებებზეც შეთანხმდნენ. 

ნიკოლ პაშინიანი საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდა. სომხეთის პრემიერ მინისტრმა და სალომე ზურაბიშვილმა პირისპირ შეხვედრაზე საქართველო სომხეთს შორის  პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ასევე  რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებაზე ისაუბრეს. ორბელიანების სასახლიდან სომხეთის პრემიერ მინისტრი გმირთა მემორიალთანაც მივიდა და  საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დღის ბოლოს ნიკოლ პაშინიანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობის გაღრმავების გარდა, საუბარი შეეხო კორონავირუსთან ბრძოლის კოორდინირებულ მუშაობას.

პაშინიანის საქართველოში რიგით მეორე ოფიციალური ვიზიტი 4 მარტს დასრულდება.

 


close დახურვა