სომხეთის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველო ხელს უშლის სომხეთში საწვავის იმპორტს და ჰუმანიტარული დახმარების შეტანას.
მათივე ცნობით, საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების გადატანასთან პრობლემა არ არსებობს, საქართველოში სომხეთის საელჩო კი საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან მუდმივ კომუნიკაციას ინარჩუნებს.
სომხეთის საელჩო ყველას მოუწოდებს, არ გაავრცელონ დეზინფორმაცია, რადგან ეს სომხეთის ინტერესებს აზიანებს.
"საქართველოს გავლით ტრანზიტთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოში სომხეთის საელჩოს საკითხის სწრაფად გადასაჭრელად", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
2 ოქტომბერს სომხეთის საელჩომ ასევე დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ცნობებს იმის თაობაზე, რომ საქართველოდან აზერბაიჯანში იარაღი გადააქვთ.
მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.