logo
ENG



სომხეთის ცნობით, სამშაბათს აზერბაიჯანის საზღვართან შეტაკებისას 15-მდე ჯარისკაცი დაიღუპა

17 ნოე 202115:52
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/17/cxh784orlpdjp7z.jpg
bbc.com

სამშაბათს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასული წლის 44-დღიანი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ შეტაკებას ჰქონდა ადგილი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ  აზერბაიჯანის საზღვართან მოულოდნელი, ძალადობრივი შეტაკებისას არაერთი სომეხი ჯარისკაცი მოკლეს და მძევლად აიყვანეს. სომხეთის მხარის ცნობით, შეტაკებისას ორი საბრძოლო პოზიცია დაიკარგა.

სამშაბათს, გვიან ღამით, მხარეები რუსეთის  შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ასევე სამშაბათს, სომხეთმა რუსეთს სთხოვა, აზერბაიჯანის წინააღმდეგ  თავისი ტერიტორიული სუვერენულობის დაცვაში დახმარებოდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი მოიაზრება სომხეთის მთავარ მოკავშირედ უსაფრთხოების საკითხში და მას აქვს ხანგრძლივი კავშირები ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოსთან. მეორე მხრივ, აზერბაიჯანის მთავარი მოკავშირე თურქეთია.

სომხეთის ცნობით დაკავებულია 12 სომეხი სამხედრო. საგარეო საქმეთა კომიტეტის უფროსმა პარლამენტში, ედუარდ აღაჯანიანმა განაცხადა, რომ ამ შეტაკებისას დაახლოებით 15 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა.

აზერბაიჯანს ამ შეტაკებისას დაზარალებულების შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. მეორე მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარედ, კალბაჯარისა და ლაჩინის რეგიონებში მასშტაბურ პროვოკაციებში სომხეთს ადანაშაულებს.

აზერბაიჯანის ოფიციალური პირების ცნობით, სომხეთმა უეცარი სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რათა უპირატესობა წინასწარ მოეპოვებინა, თუმცა მათი ეს თავდასხმა წარუმატებელი გამოდგა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით კი აზერბაიჯანის ძალები მათ აღმოსავლეთის საზღვართან დაესხნენ თავს, რათა სომხეთის ორ რეგიონში: სამხრეთ-აღმოსავლეთით სიუნიკსა და აღმოსავლეთში გეგარკუნიკში შეეღწიათ.

სამშაბათს საზღვართან შეტაკებასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე შეთანხმებისა და სიტუაციის დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოუწოდა.

ამგვარი დაძაბულობები 44-დღიანი ომიდან 1 წლის შემდეგ, საფრთხეს უქმნის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის შეთანხმებას.

***

ცნობისთვის, გასულ წელს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე კონფლიქტისას 6000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აზერბაიჯანის ძალებმა, რომელსაც თურქეთი უჭერს მხარს, შეძლო დაებრუნებინა იმ რეგიონების დიდი ნაწილი, რაც საერთაშორისოდაა აღიარებული აზერბაიჯანის ტერიტორიად.

კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ აზერბაიჯანს სურს ჰქონდეს კორიდორი მის ექსკლავში, ნახიჩევანში - და საბოლოოდ მის მოკავშირე თურქეთამდე. ეს ე.წ ზანგაზურის კორიდორი გავა სომხეთის ტერიტორიაზე, თუმცა სომხეთი არ აპირებს დაუშვას თავის ტერიტორიაზე ისეთი გზის ქონას, რომელსაც აზერბაიჯანი გააკონტროლებს.

როგორც ჩანს, არცერთი ქვეყანა არ ერთგულობს მშვიდობის შეთანხმებას და ორივე მათგანი ზრდის სამხედრო ბიუჯეტს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიპლომატიური კავშირები ამ დრომდე არ გაწყვეტილა.

ქვეყნებმა მშვიდობის შეთანხმებას, რუსეთის შუამავლობით, 2020 წლის ნოემბერში მიაღწიეს. ამ დროიდან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე პატრულირებისთვის დაახლოებით 2 000 რუსი მშვიდობისმყოფელი განთავსდა.


close დახურვა