logo
ENG



სომხეთმა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა

27 სექ 202013:32
3 წუთის საკითხავი
 

სომხეთმა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 

გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობამ მიიღო. 

"მოვუწოდებ ჯარის შემადგენლობას, გამოცხადდნენ ტერიტორიულ სამხედრო კომისარიატებში". - წერს პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ფეისბუქზე.  

ერევნის ცენტრში მოხალისეებმა შეკრება უკვე დაიწყეს. 

დღეს, 27 სექტემბერს, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა.

სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივნის განცხადებით, დაიბომბა სოფლები და ქალაქი სტეფანაკერტი. სამხედრო იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 2 ადამიანი დაიჭრა. 

"ბევრ ადგილას მოწინააღმდეგე ძალამ უკან დაიხია. მათ სომხურ ობიექტებზე სამხედრო და ავიარეიშები მიიტანეს. არის ნგრევა. არიან დაღუპულები. კონკრეტულ მონაცემებს მოგვიანებით წარმოვადგენთ". - თქვა არცუნ ოვანისიანმა, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა. 

ოფიციალური აზერბაიჯანი აცხადებს, რომ კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალივვი აცხადებს, რომ სომხეთს აზერბაიჯანის მიწების მითვისება სურს და ამას არც მალავს. 

ალიევმა თქვა ისიც, რომ აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეები არ აქვს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომხეთს ადანაშაულებს მოლაპარაკებების შეწყვეტასა და პროვოკაციებში. 

სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა. დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა. 


close დახურვა