logo
ENG



სოფელ აძვიდან გატაცებული და შემდეგ გათავისუფლებული კაცი ნაცემია

08 მარ 202014:06
3 წუთის საკითხავი
 
2gcdzv04fe1mci8.jpg

სოფელ აძვიდან გატაცებული და შემდეგ გათავისუფლებული ელდარ გუნდიშვილი ნაცემია. ის ჟურნალისტებთან მომხდარზე საუბარს გაურბის, მაგრამ როგორც ზედაპირული დაკვირვებითაც ჩანს, მასზე ფიზიკურად იძალადეს.

„საკანში ჩვეულებრივად ვიყავით მე და ერთი ზერტელი ბიჭი. თავიდან ვერ ვიგრძენი და ასე აღმოჩნდა", - ამბობს ელდარ გუნდიშვილი.

როგორც მისი მონათხრობიდან ირკვევა, ელდარ გუნდიშვილთან ერთად დაკავებული იყო კიდევ ერთი მოქალაქე, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ გავრცელებულა. როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობაში აცხადებენ, ინფორმაციის დამალვით საქართველოს ხელისუფლება რუსულ ინტერესებს ემსახურება.

„კადრები მის სიტყვებზე უფრო მკაფიოდ მეტყველებს. დაგორების შედეგად რთულად სავარაუდოა, რომ ეს მომხდარიყო, მაგრამ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ხელისუფლება მალავს ინფორმაციას და ხელს აფარებს რუსულ რეჟიმს", - განაცხადა დავით ქაცარავამ.

ნაცემი პაციენტის სანახავად დღეს აძვში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ჩავიდა. მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლებულ ადამიანებს სამედიცინო გამოკვლევა უნდა უტარდებოდეთ.

„ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, სადაც კანონი კანონობს, ადამიანმა ასეთი შემთხვევების შემდეგ უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება. ჩემს შემთხვევაშიც შემოწმება არავის გაუვლია, კითხვა იყო მხოლოდ რამე ხო არ მაწუხებდა", - ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ელდარ გუნდიშვილი საკუთარი სახლის ეზოსთან ახლოს, შეშის მოგროვების დროს, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 27 თებერვალს დააკავეს. ის მისი სახლიდან 200 მეტრში იმყოფებოდა საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

 


close დახურვა