კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლნისში. ახალი ინფიცირებულებიდან შვიდი სოფელ მუშევანიდან, რვა კი სოფელ გეტადანაა.
სოფელი მუშევანი ორ კვირაზე მეტია საკარანტინო ზონაში იმყოფება და მას ეს სტატუსი არ მოეხსნება, რაც შეეხება სოფელ გეტას დილის 06:00 საათიდან იქ ტექნიკის მობილიზება დაიწყო, რათა გამშვები პუნქტების მოწყობა მოხდეს. სოფელი საკარანტინე ზონად გამოცხადდება და იქ შესვლა შეეძლებათ იმ პირებს, რომელთა იურიდიული მისამართი ფიქსირდება გეტაში, ხოლო გამოსვლა სპეციალური ნებართვით იქნება შესაძლებელი. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.
როგორც „ფორმულას“ ადგილობრივებმა განუცხადეს, ამ წუთებში სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ, ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან 45 პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. მას შემდეგ კი, რაც ეპიდემიოლოგები დაასრულებენ მუშაობას, შესაძლოა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი შეზღუდვებიც დაწესდეს. კორონავირუსით დაინფიცირებულების ნაწილი კი უკვე გადაიყვანეს ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში.
როგორც ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის სახაზო სამმართველოს უფროსი გიორგი ხურცია აცხადებს, საკარანტინო შეზღუდვები მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებასაც ითვალისწინებს.
„უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტ სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები ამოქმედდა. შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან ერთად 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებს. საკარანტინო შეზღუდვები მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებასაც ითვალისწინებს. შესაბამისად, საკარანტინო სივრცეების შესასვლელსა და გამოსასვლელში მოწყობილია ბლოკ-პოსტები. პოლიცია მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება მათ“, - განაცხადა შშს-ს წარმომადგენელმა.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გასული ღამის შემდეგ 4-ით გაიზარდა და 671 გახდა. აქედან 393 განიკურნა, ხოლო 12 გარდაიცვალა.