სოფელ გლდანში გვიან ღამით ხანძარი იყო. გორგასლის ქუჩაზე ცეცხლი სოციალურად დაუცველი ოჯახის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
ხანძარი სავარაუდოდ შეშის ღუმელმა გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მეზობლების თქმით, სახლი სოციალურად დაუცველ ოჯახს ეკუთვნოდა და ის ფონდმა „იავნანამ" რამდენიმე წლის წინ გადასცა. დაზარალებულები მერიამ დროებით სასტუმროში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ტერიტორიაზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.