თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, სოფელ თხინვალაში ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყობა.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკვერის მოწყობა მოსახლეობის თხოვნა იყო.
"სკვერს ვაკის რაიონის გამგეობა მოაწყობს. თუ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში გამგეობას რაიმე პრობლემა შეექმნება, ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მზადაა, მაქსიმალური თანადგომა გამოგიცხადოთ, რომ პროექტი განხორციელდეს", - თქვა კალაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ გიორგი ანწუხელიძე სოფელ თხინვალას ხშირად სტუმრობდა და იქ მის შვილებს სახლი დღესაც აქვთ.
"როგორც იცით, გიორგი ანწუხელიძე ხშირად სტუმრობდა სოფელ თხინვალას, სადაც მისი დედა, ლილი ანწუხელიძე ცხოვრობდა. ჩვენი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილებს - ლევანს და ანას დღესაც აქვთ სახლი თხინვალაში და მათ ექნებათ შესაძლებლობა, გმირი მამის სახელობის სკვერში დაისვენონ. ძალიან ლამაზი სივრცე იქნება. ახლოს არის სპორტული მოედანიც და თუ მისი რეაბილიტაცია იქნება საჭირო, მასაც განვაახლებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.
2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.
2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოები, რომელშიც მისი წამების კადრები იყო ასახული.
გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით "სამშობლოსათვის თავდადებული". 2013 წელს, "თუშების სადროშომ" გიორგი ანწუხელიძეს "თუში სახალხო გმირის" წოდება მიანიჭა. სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან, სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს.