არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ოკუპანტების მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძის მხარდამჭერ აქციას მართავენ. ისინი კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში არიან შეკრებილები.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დროულად უზრუნველყოს დაკავებულის გათავისუფლება.
„ჩვენი მთავარი მიზანია თავისუფლება ზაზა გახელაძეს. ეს მავთულხლართები არის სიმბოლო იმისა, რომ ოკუპანტი რუსეთი ჯერ კიდევ იტაცებს ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ზაზა გახელაძეს. ის არის ოკუპანტების ტყვე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ იყოს უფრო მკაცრი დაინტერესება", - ამბობენ აქციის მონაწილეები.
აქციას გამოეხმაურა ზაზა გახელაძის ცოლიც. ირმა ბუთხუზი ფორმულასთან საუბრისას მადლობას უხდის აქციის მონაწილეებს და ამბობს, რომ ეს მათი ოჯახისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
„ხალხის მხარდაჭერა, ქუჩაში დგომა ამ წვიმიან ამინდში - ყველას დიდი მადლობას ვუხდი, ვესაუბრე მათ. გამოიტანა მოსამართლემ განაჩენი და გასაჩივრებას ექვემდებარება. ეს უკვე ზაზაზეა დამოკიდებული, გაასაჩივრებს თუ არა", - ამბობს ირმა ბუთხუზი.
ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯა.
ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დე-ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა.