გაფიცვით იმუქრებიან სოციალური აგენტები, რომლებიც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას თვეებია, უშედეგოდ ითხოვენ. ჯანდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები 21 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა შეთანხმებას ვერ შედგა ვერც შრომის ანაზღაურების და ვერც ხელშეკრულების ვადებთან დაკავშირებით. შედეგად სოციალურად დაუცველების დასახმარებლად მომუშავე სპეციალისტებს სოციალურ შემწეობებზე დაბალი ანაზღაურება რჩებათ.
სოციალური აგენტები ანაზღაურების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაფიცვით იმუქრებიან.
ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალურ აგენტებს შორის მოლაპარაკებები 21 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს ვერც შრომის ანაზღაურების და ვერც ხელშეკრულების ვადებთან დაკავშირებით. სოცაგენტები ამბობენ, რომ სამინისტრო მათ არც ერთ საჭიროებას არ ითვალისწინებს.
მესამე სექტორში ყურადღებას იმ პრობლემებზე ამახვილებენ, რაც სოციალური აგენტების გაფიცვის შემთხვევაში სოციალურად დაუცველებს შეექმნებათ. მათი ნაწილი შესაძლოა ერთადერთი შემოსავლის-შემწეობის გარეშე დარჩეს. რადგან აგენტების საქმიანობა მათი ოჯახების მდგომარეობის აღწერაა, რის შემდეგაც სიღარიბის ზღვარზე მყოფ მოსახლეობას ქულებს ანიჭებენ.
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და ახალი მედიატორის დანიშვნას ელოდებიან. თუმცა რატომ დაირღვა მედიაციის ვადები და კონკრეტულად როდის გაუმჯობესდება შრომითი პირობები, ვერ გვპასუხობენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ სოციალურ აგენტებს ფიქსირებული ანაზღაურება გაეზრდებათ.
სოციალური აგენტების პროტესტს საკანონმდებლო ორგანოშიც გამოეხმაურნენ. ქართულმა ოცნებამ ირონიით შეგვახსენა, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საჯარო სექტორში ხელფასები დაბალია. სოციალური აგენტების მიმართ უფრო სოლიდარული აღმოჩნდა ბექა ნაცვლიშვილი.
ჯანდაცვის სამინისტროს ვადა ორშაბათამდე აქვს. თუ შეთანხმება ვერ შედგა, სოციალური აგენტები გაიფიცებიან და ქვეყანა ახალი სოციალური გამოწვევის წინაშე დადგება.