logo
ENG



სოციალური სამართლიანობის ცენტრი: სუს-ის პოლიტიკა აქტივიზმის შიშის დამკვიდრებას ემსახურება

02 ოქტ 202316:49
3 წუთის საკითხავი
 
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: სუს-ის პოლიტიკა აქტივიზმის შიშის დამკვიდრებას ემსახურება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სუს სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, მათი წევრების ტოტალურ კონტროლს აგრძელებს.

"მიგვაჩნია, რომ სუსი აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების ტოტალურ კონტროლს და მათი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში დადანაშაულებას, რასაც თავდაპირველად, ემსახურებოდა მარტში, ე.წ. რუსული კანონის დაინიცირება. გარდა ამისა, უწყება ცდილობს ამ კონსპირაციაში ჩაითრიოს ის დასავლური ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ როგორც ქვეყნის დემოკრატიის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ სუს-ის 18 სექტემბრის განცხადების საფუძველზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა პარლამენტში დააინიიცირეს "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეზღუდებათ დროებითი კონსტრუქციების (კარავი, სცენა და ა.შ.) მოწყობის უფლება შეკრების დროს. მოსალოდნელი ცვლილებები კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრებისა სტანდარტებს და სერიოზული ბარიერი იქნება პოლიტიკური გამოხატვისთვის", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მათი შეფასებით, სუს-ის ამგვარი პოლიტიკა ემსახურება არა სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვას, არამედ საზოგადოებრივი პროტესტის სივრცეების შეზღუდვას და იმ ადამიანების დაშინებას, რომლებიც მონაწილეობენ სამოქალაქო აქტივიზმსა და სხვადასხვა ღონისძიებაში.

"საზოგადოებაში აქტივიზმის შიშის დამკვიდრებას ემსახურებოდა ჯერ სერბი ექსპერტების გამოკითხვაზე სუს-ში დაბარება, ხოლო შემდეგ კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში მათი ფარული ვიდეო-ჩაწერა. მსგავსი სპეკულაციური განცხადების პირობებშიც კი, ცალსახაა, რომ სუს-ის გამოძიებას სამართლებრივი შედეგები დღემდე არ მოჰყოლია და მისი მხრიდან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მხოლოდ დაშინებას ემსახურება", - ნათქვამია განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში აღნიშნავენ, რომ დაუშვებელია, არაძალადობრივი წინააღმდეგობისა და პროტესტის ფორმების შესახებ საგანმანათლებლო მიზნებისთვის წარმართული დისკუსიები სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხად და "მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებისთვის" საფრთხის შემცველად განიხილებოდეს.

მათი განცხადებით, სუს-ის მიერ მსგავსი ნარატივის დამკვიდრების მცდელობა ცხადყოფს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაშინებით შეაკავოს ის პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და შეუზღუდოს როგორც მოქალაქეებს, ასევე ცალკეულ ორგანიზაციებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.

"ეს კი მაშინ, როდესაც დღემდე, საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის სუს-ში წარმოებული სავარაუდო გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რომელიც უკავშირდება ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, მიერ რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას, ე.წ. ეფესბეს გავლენით, მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "გადატრიალების საქმეზე" მორიგი განცხადება გაავრცელა და ამჯერად USAID-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ისაუბრა.

მათი თქმით, სერბეთის სამი მოქალაქე, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დაკავშირებულები არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.

სუს-ის მტკიცებით, მათი საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ, მათივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო.

სუს-მა პირველად 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.


close დახურვა