პოლიტიკური პლატფორმა "ახალი საქართველო" ომბუდსმენს სოციალური შემწეობებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ გადამოწმების დროს ოჯახებს სოციალურ დახმარებას თვეობით უჩერებენ, რაც უსამართლო და უპასუხისმგებლო მიდგომაა. პოლიტიკური პლატფორმა შემწეობის გარეშე დარჩენილ ოჯახებს დახმარებას სთავაზობს და ცხელი ხაზის ნომერს ასაჯაროებს.
სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილებს შორისაა ეკატერინე ქარჩავაც, რომელიც უკვე ორი კვირაა სოციალურ აგენტს ელოდება. აგენტმა არაგეგმური შემოწმება უნდა ჩაატაროს და განსაზღვროს ეკუთვნის თუ არა 7-სულიან ოჯახს სოციალური შემწეობა. თუმცა, როგორც ირკვევა, ამ დრომდე ქარჩავას ოჯახი 3 თვე დახმარებას ვერ მიიღებს. არსებობა მხოლოდ პენსიით მოუწევთ, 7-მა ადამიანმა თვიდან თვემდე 300 ლარი უნდა იმყოფინოს.
ეკატერინე ქარჩავას მსგავსად სოციალური შემწეობა სამი თვით 45 ათასამდე ადამიანს შეუწყდა. ასეთია მონაცემები, რომლებიც დღეს პოლიტიკურ პლატფორმა „ახალ საქართველოში“ გაასაჯაროეს. პოლიტიკური პლატფორმა "ახალი საქართველო" სახალხო დამცველსაც მიმართავს და თემით დაინტერესებას სთხოვს.
ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ გადამოწმების პროცესი გაჭიანურდა და სოციალური შემწეობის აღდგენას ათასობით ოჯახი ელოდება. მიზეზად კი იმ გარემოებას ასახელებენ, რომ სააგენტო არაგეგმურთან ერთად გეგმურ შემოწმებასაც ატარებს. მინისტრის მოადგილე არაგეგმური შემოწმებისას შემწეობის შეწყვეტას აუცილებლად მიიჩნევს.
სოციალური შემწეობის ოდენობა ოჯახის სარეიტინგო ქულაზეა დამოკიდებული. ერთ ადამიანზე ფულადი დახმარება 30-დან 60-ლარამდე განისაზღვრება.